აღმოსავლეთში განხორციელებული საომარი მოქმედებების გამო, ახალი შოკი დაფიქსირდა და არავინ იცის, რამდენ ხანს გაგრძელდება, ის ცხელი ფაზა, რომელიც დღეს გვაქვს, ის გაურკვევლობა და არაპროგნოზირებადობა, რაც ახასიათებს სასაქონლო ბაზრებს, ნავთობის ფასებს და ნავთობის ფასები მყისიერად, ერთი ორად გაიზარდა, მოხდა გლობალური ინფლაციის პროგნოზების გადახედვა და რაც უფრო მნიშვნელოვანია, ეკონომიკური ზრდის პროგნოზების გადახედვა, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, ნათია თურნავამ პარლამენტში, ინტერპელაციის წესით მოსმენისას ინფლაციასთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
თურნავას თქმით, ეროვნულმა ბანკმა შეაგროვა და გაზარდა საერთაშორისო რეზერვები, რაც არის ერთგვარი ბუფერი, რომლითაც საგარეო შოკებზე რეაგირება ხდება. ასევე, როგორც მან აღნიშნა, საბანკო სისტემაში დაგროვილია საკმარისი კაპიტალი, რათა ეროვნული ბანკი საგარეო ვითარებიდან შექმნილ სხვადასხვა შოკს გაუმკლავდეს.
„ინფლაციასთან დაკავშირებულ კითხვას რაც შეეხება და მისი ზრდის გამომწვევ ფაქტორებს, პირველ რიგში, ვიტყვი, რომ ბოლო შოკი, რომელსაც ჩვენ მიწოდების შოკს ვეძახით, რეალურად, ეს არის ახლო აღმოსავლეთში განხორციელებული საომარი მოქმედებები და მასთან დაკავშირებული ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, ნავთობის, გაზისა და ნავთობპროდუქტების მაგისტრალის, ჰორმუზის სრუტის გადაკეტვა თუ შეფერხებით მუშაობა, ამან გამოიწვია გლობალური შოკი.
აქ ჩვენ საქმე გვაქვს არა საქართველოს მიმართ ლოკალურ ზემოქმედებაზე, არამედ გლობალურ მოვლენასთან. რა გავლენა მოახდინა ამან სხვა ქვეყნების ინფლაციაზე, ესეც უნდა ვიცოდეთ - როგორც კი ეს ახალი შოკი დაფიქსირდა და არავინ იცის, რამდენ ხანს გაგრძელდება, ყოველ შემთხვევაში, ის ცხელი ფაზა, რომელიც დღეს გვაქვს, ის გაურკვევლობა და არაპროგნოზირებადობა, რაც ახასიათებს სასაქონლო ბაზრებს, ნავთობის ფასებს და ნავთობის ფასები მყისიერად, ერთი ორად გაიზარდა, მოხდა გლობალური ინფლაციის პროგნოზების გადახედვა და რაც უფრო მნიშვნელოვანია, ეკონომიკური ზრდის პროგნოზების გადახედვა, როგორც მთლიანად მსოფლიოში, ასევე სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის, განვითარებული და განვითარებადი სამყაროსთვის.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, გლობალურად წინა პროგნოზი ინფლაციის თუ იყო 3,8% მყისიერად 4,4%-მდე გაზარდა და თან დასძინა, რომ გამომდინარე იქიდან, თუ რამდენ ხანს გაგრძელდება შოკი, ეს პროგნოზი შეიძლება კიდევ გადაიხედოს ზრდის მიმართულებით. ამავდროულად, ეკონომიკური ზრდის პროგნოზი შეამცირა 3,3%-იდან 3,1%-ამდე.
იგივე ეხება ევროზონას - იქ თუ შევხედავთ ჩვენ, მყისიერად გაიზარდა ინფლაციის მაჩვენებელი, განსაკუთრებით გამოირჩევა მყისიერი ზრდით ბელგია, ბულგარეთი, ასევე რეგიონშიც მოხდა იგივე პროცესები და უბრალოდ იმის თქმა მინდა, რომ ეს არის გლობალური შოკი და ყველაზე იმოქმედა მან.
გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ გვაქვს სტაბილური მაკრო-ეკონომიკური მაჩვენებელი, გვაქვს ძლიერი ეკონომიკური ზრდა, რომელიც განპირობებულია მაღალპროდუქტიული სექტორებით, ჩვენ გვაქვს საკმაოდ მყარი საგარეო პოზიცია, რომელიც გამოიხატება იმაში, რომ ექსპორტი დაახლოებით 16%-ით გაიზარდა, როდესაც იმპორტი შემცირებულია, ასევე იზრდება გზავნილები, მიმდინარეობს ინვესტიციები, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი ისტორიულ მინიმუმზეა და მდგრად პოზიციებს ინარჩუნებს. გამომდინარე იქიდან, რომ ეროვნულმა ბანკმა შეაგროვა და გაზარდა საერთაშორისო რეზერვები, რაც არის უსაფრთხოების ბალიში ანუ ერთგვარი ბუფერი, რომლითაც ჩვენ ვპასუხობთ საგარეო შოკებს, ასევე საბანკო სისტემაში დაგროვილია საკმარისი კაპიტალი, საკმარისი ლიკვიდობა, რათა სხვადასხვა შოკს გავუმკლავდეთ. სწორედ აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დანამდვილებით ვთქვათ, რომ გლობალური შოკის, გლობალური კრიზისის გავლენა საქართველოზე, მიუხედავად მთელი მისი არაპროგნოზირებადობისა, იქნება ლიმიტირებული. ეს იმითაც დასტურდება, რომ ჩვენთან მიმართებაში, მართალია, ინფლაციის პროგნოზი ჯერ კიდევ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას ამ გარე ფაქტორებიდან გამომდინარე და კიდევ იქიდან, რომ ჩვენ ნავთობპროდუქტების იმპორტიორი ქვეყანა ვართ, ეკონომიკური ზრდის პროგნოზი არ შემცირებულა.
ვვარაუდობთ, რომ ეკონომიკური ზრდა კვლავ ძლიერი იქნება, ამას ადასტურებს თუნდაც პირველი კვარტალი, შემდგომ ჩვენი პროგნოზი და ხედვა, ასევე საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების ხედვა”, - განაცხადა თურნავამ.