ნიკოლ ფაშინიანი - „ტრამპის გზის“ პროექტის განხორციელების შესახებ ჩარჩო შეთანხმება საბოლოოდ მაქსიმუმ ერთ თვეში გაფორმდება - Palitra News

ნიკოლ ფაშინიანი - „ტრამპის გზის“ პროექტის განხორციელების შესახებ ჩარჩო შეთანხმება საბოლოოდ მაქსიმუმ ერთ თვეში გაფორმდება

2026-05-27 16:34:47+04:00

სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, პროექტ „ტრამპის გზა საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“ (TRIPP) ფარგლებში მეღრის რკინიგზის აღდგენა და სომხეთის მასშტაბით ახალი სატრანსპორტო და ინფრასტრუქტურული კავშირების შექმნა იგეგმება.

ფაშინიანის თქმით, „ტრამპის გზის“ პროექტის განხორციელების შესახებ ჩარჩო შეთანხმება საბოლოოდ მაქსიმუმ ერთ თვეში გაფორმდება.

„აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო სომხეთში ჩამოვიდა და საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად TRIPP-ის პროექტის განხორციელების შესახებ ჩარჩო შეთანხმებას პარაფირება მოახდინა. ის საბოლოოდ მაქსიმუმ ერთ თვეში გაფორმდება“, - განაცხადა ფაშინიანმა.

სომხეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, პროექტის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო კომპონენტი მეღრის რკინიგზის ხელახლა გახსნაა.

„მეღრის რკინიგზა ხელახლა გაიხსნება და მას გამოიყენებენ როგორც აზერბაიჯანი, ასევე სომხეთი - აზერბაიჯანი ნახიჩევანსა და აზერბაიჯანის მატერიკულ ნაწილს შორის სატრანსპორტო კავშირებისთვის, ხოლო სომხეთი ქვეყნის ჩრდილოეთ და სამხრეთ რეგიონებს შორის სარკინიგზო კავშირის დასამყარებლად. დღეს ჩვენ არ გვაქვს სამხრეთიდან ჩრდილოეთისკენ მიმავალი რკინიგზა, კერძოდ, სიუნიქის მონაკვეთის გავლით, და ჩვენ ვაპირებთ ამ რკინიგზის მოპოვებას“, - განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.

მისი თქმით, რკინიგზის მუშაობის აღდგენას დიდი მნიშვნელობა ექნება ტვირთების გადაზიდვისთვისაც. ამასთან, ფაშინიანის განმარტებით, სომხეთი ტრანზიტის საშუალებით შემოსავალს მიიღებს.

„ჩვენს ტერიტორიაზე გამავალი თითოეული მატარებლისთვის საფასური დაწესდება და ეს თანხები სომხეთის რესპუბლიკის სახელმწიფო ბიუჯეტში შევა“, - აღნიშნა ფაშინიანმა.