სათამაშო ბიზნესის სფეროში სამართლებრივი პასუხისმგებლობა მკაცრდება და სანებართვო პირობების შეუსრულებლობისთვის დაწესებული ჯარიმების ოდენობები იზრდება - Palitra News

სათამაშო ბიზნესის სფეროში სამართლებრივი პასუხისმგებლობა მკაცრდება და სანებართვო პირობების შეუსრულებლობისთვის დაწესებული ჯარიმების ოდენობები იზრდება

2026-05-27 20:03:53+04:00

სათამაშო ბიზნესის სფეროში სამართლებრივი პასუხისმგებლობა მკაცრდება და სანებართვო პირობების შეუსრულებლობისთვის დაწესებული ჯარიმების ოდენობები იზრდება.

ამასთან დაკავშირებით “ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა. ინიციატივით პარლამენტს მთავრობამ მიმართა.

მიღებული პროექტის მიხედვით, სამორინეს მოწყობის ნებართვის მფლობელთა მიმართ ჯარიმის ოდენობა 7 000 ლარის ნაცვლად, 20 000 ლარით განისაზღვრა.

სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის მფლობელთა მიმართ ჯარიმის ოდენობა 1 000 ლარის ნაცვლად, 10 000 ლარით განისაზღვრა.

აზარტული კლუბის მოწყობის ნებართვის მფლობელთა მიმართ ჯარიმა 2 000 ლარის ნაცვლად, 10 000 ლარი იქნება.

აზარტული და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვის მფლობელთა მიმართ ჯარიმის ოდენობა 2 000 ლარის ნაცვლად, 10 000 ლარით განისაზღვრება, ხოლო სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინეს, სათამაშო აპარატების და ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზების ნებართვის მფლობელთა მიმართ დაწესებული ჯარიმა 7 000 ლარის ნაცვლად, 20 000 ლარი იქნება.

როგორც მთავრობა განმარტავს, ამჟამად მოქმედი ჯარიმების ოდენობა რეალურ შემაკავებელ ფუნქციას ვერ ასრულებს და ეფექტიან პრევენციას ვერ უზრუნველყოფს.

“ნებართვის მფლობელისათვის ხშირ შემთხვევაში უფრო ეკონომიკურად მიზანშეწონილია სანებართვო პირობების დარღვევა და შემდეგ ჯარიმის გადახდა, ვიდრე დადგენილი მოთხოვნების სრული დაცვა“, - აცხადებს მთავრობა.