“ქართული ოცნების“ დეპუტატების საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის მიხედვით, ე.წ. სპეციალიზებული მაუწყებლებისთვის უცხოური დაფინანსების მიღება აკრძალული აღარ იქნება, პარლამენტმა I მოსმენით, 79 ხმით - ერთხმად მიიღო.
ცვლილება ამ მიმართულებით “მაუწყებლობის შესახებ“ კანონის იმ მუხლში შედის, რომლის საფუძველზეც სამაუწყებლო კომპანიებს უცხოური წყაროებიდან პირდაპირი ან არაპირდაპირი ფორმით დაფინანსების მიღება აეკრძალა.
ცვლილებების მიხედვით, მაუწყებლის მიერ უცხოური ძალისგან პირდაპირი ან არაპირდაპირი დაფინანსების მიღების აკრძალვა სპეციალიზებულ მაუწყებლებზე არ გავრცელდება. უფრო კონკრეტულად, აკრძალვა არ გავრცელდება მაუწყებლებზე, რომლებიც ერთი თემატიკის - სპორტული, შემეცნებითი, საგანმანათლებლო და გასართობი პროგრამებით მაუწყებლობენ. იმ მაუწყებლებისთვის, რომელთა ეთერში ახალი ამბები და საზოგადოებრივ-პოლიტიკური თემატიკის პროგრამები გადაიცემა, უცხოური წყაროებიდან დაფინანსების მიღება კვლავ აკრძალული იქნება.
ამავე პროექტის მიხედვით, კომუნიკაციების კომისიას იმ პირთა გადარიცხვების შესახებ ინფორმაციის მოპოვების შესაძლებლობა ექნება, რომლებიც, შესაძლოა პირდაპირი ან არაპირდაპირი გზით, მედიამომსახურების და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მიმწოდებლებს აფინანსებდეს და ამ თვალსაზრისით “მაუწყებლობის შესახებ“ კანონით დაწესებულ აკრძალვებს არღვევდეს. კომისიას საბანკო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციას სასამართლოს მეშვეობით გამოითხოვს.
პროექტის თანახმად, კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას შესაძლებლობა ეძლევა, საბანკო დაწესებულებიდან გამოითხოვოს ინფორმაცია როგორც მედიამომსახურების და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის შემოსავლების შესახებ, ასევე პირდაპირი ან არაპირდაპირი დამფინანსებელი პირის შესახებ.
გარდა ამისა, მაუწყებლის მიერ აკრძალული დაფინანსების მიღების შემთხვევაში, კომუნიკაციების კომისია უფლებამოსილი იქნება, მაუწყებელს “მაუწყებლობის შესახებ“ კანონით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობასთან ერთად, მიღებული დაფინანსების სახელმწიფო ბიუჯეტში ჩარიცხვა დაავალოს.
ცნობისთვის, პარლამენტმა გასულ წელს მხარი დაუჭირა კანონს, რომლის საფუძველზეც სამაუწყებლო კომპანიებს უცხოური წყაროებიდან პირდაპირი ან არაპირდაპირი ფორმით დაფინანსების მიღება აეკრძალა.