დაკავებულია პოლიციელზე ძალადობის მუხლით, რაც არის სრული ცინიკური და გაუგონარი ამბავი, რადგან ნაწამები და მსხვერპლი ადამიანია დაკავებული, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსთან“ პაპუნა ლოცულაშვილის ადვოკატმა განაცხადა, რომელზეც გორში სამართალდამცავებმა ფიზიკურად იძალადეს.
ადვოკატის განცხადებით, 353 მუხლი წამების მუხლით უნდა გადაკვალიფიცირდეს და უნდა დაისაჯოს ყველა ის პოლიციელი, რომელმაც „წამებაში მიიღო მონაწილეობა“.
„ჩემთვის როგორც ცნობილია, დაკავებულია პოლიციელზე ძალადობის მუხლით, 353 მუხლით, რაც არის სრული ცინიკური და გაუგონარი ამბავი, რადგან ნაწამები და მსხვერპლი ადამიანი დაკავებულია და გადაყვანილია იზოლატორში, რომელსაც აღენიშნება მრავლობითი დაზიანებები. კადრებში ძალიან კარგად ვნახეთ, რომ ათამდე და შეიძლება უფრო მეტი პოლიციელიც, მას როგორ უსწორდებოდა. ეს არის პირდაპირი წამება. პროკურატურამ დაიწყო არასწორი მუხლით და უნდა გადაკვალიფიცირდეს მუხლი და უნდა დაიწყოს აუცილებლად წამების მუხლით. რაც ყველაზე ცინიკურია, როდესაც ჩამოჰყავდათ დაკავებული, ერთ-ერთმა პიროვნებამ, რომელმაც განახორციელა მისი ბადრაგირება, ჩემთვის როგორც ცნობილია, ის მონაწილეობდა წამებაში.
ახლა მიმდინარეობს იზოლატორში შესახლება, მე ველოდები და პირველივე შესაძლებლობისთანავე შევალ. აუცილებლად უნდა მომხდარიყო ყველა დაზიანების აღწერა, ყველა ადამიანი უნდა იყოს დასჯილი. ეს არის ჩვენი მთავარი მოთხოვნა, რომ გადაკვალიფიცირდეს წამების მუხლით, განთავისუფლდეს ნაწამები, დაზარალებული ადამიანი და დაისაჯოს ყველა ის პოლიციელი, რომელმაც წამებაში მიიღო მონაწილეობა“, - განაცხადა ადვოკატმა ლაშა ტყეშელაძემ.
ცნობისთვის, გორში, ე.წ. კომბინატის დასახლებაში ორ პირს სამართალდამცავთა ჯგუფი ფიზიკურად დღეს გაუსწორდა. აღნიშნულის ამსახველ კადრებს სოციალურ ქსელში „ქართლის ამბები“ ავრცელებს. თავის მხრივ, პროკურატურამ პოლიციელების მხრიდან ძალადობით უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.