დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანის გამდიდრებული ურანის რუსეთის ან ჩინეთისთვის გადაცემა მისაღები არ არის - Palitra News

დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანის გამდიდრებული ურანის რუსეთის ან ჩინეთისთვის გადაცემა მისაღები არ არის

2026-05-27 22:19:50+04:00

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანის გამდიდრებული ურანის რუსეთისთვის ან ჩინეთისთვის გადაცემას მხარს არ უჭერს.

კითხვაზე, დათანხმდება თუ არა შეთანხმებას, რომლის ფარგლებში ირანი გამდიდრებულ ურანს რუსეთს ან ჩინეთს გადასცემს, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უპასუხა, რომ „არა“.

„ჩემთვის ეს მისაღები არ არის. ჩვენ ეს არ გვსურს“, - აღნიშნა ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ კაბინეტის სხდომაზე.

ასევე, მისი თქმით, ამ ეტაპზე ირანისთვის სანქციების შემსუბუქებას და გაყინული აქტივების გადაცემას არ განიხილავს.

„თანხაზე კონტროლს ჩვენ შევინარჩუნებთ, ხოლო როდესაც სათანადოდ მოიქცევიან, მაშინ თანხას მივცემთ. მაგრამ, ახლა ჩვენ ამას არ ვაკეთებთ“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ტრამპის განცხადებით, აშშ შესაძლოა ირანთან სამშვიდობო შეთანხმებას არ დათანხმდეს, თუ არაბული ქვეყნები „აბრაამის შეთანხმებას“ არ შეუერთდებიან.

„დარწმუნებული არ ვარ, რომ შეთანხმებას დავდებთ, თუ ისინი ხელს არ მოაწერენ. ისინი ჩვენ წინაშე ვალდებულები არიან“, - განაცხადა ტრამპმა.