ანა დოლიძე - შეიძლება, მიხეილ სააკაშვილი გაათავისუფლონ ან უკრაინას გადასცენ, ის ტყვედ ჰყავთ და ხელისუფლების ცოცხალი ფარია - Palitra News

ანა დოლიძე - შეიძლება, მიხეილ სააკაშვილი გაათავისუფლონ ან უკრაინას გადასცენ, ის ტყვედ ჰყავთ და ხელისუფლების ცოცხალი ფარია

2026-05-27 22:31:52+04:00

პარტია “ხალხისთვის” ლიდერის ანა დოლიძის თქმით, საპროტესტო მოძრაობას „ახალი ჰედლაინი“ არ სჭირდებოდა, რადგან მთავარი გზავნილი - „ცეცხლი ოლიგარქიას!“ უკვე ჩამოყალიბებულია.

როგორც დოლიძემ "პალიტრანიუსის" გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, აღნიშნული სლოგანი გამოხატავს ბრძოლას „უთანასწორო ეკონომიკური სისტემისა“ და იმ მმართველობის წინააღმდეგ, „რომელსაც ოლიგარქია წარმოადგენს“.

„გუშინ, ბევრი ხალხი იყო გამოსული. ხალხი იქ იმიტომ იყო მისული, რომ გავუშვათ ბიძინა ივანიშვილი, უკეთესი საქართველო კი არა. ივანიშვილზე უკეთესი თუ გვინდა, იცით როგორია? - საშემოდგომოდ ორიანი არ მიიღო.

ამ მოძრაობას ახალი „ჰედლაინი“ არ სჭირდებოდა. საპროტესტო მოძრაობას ჰქონდა სლოგანი და ეს იყო - „ცეცხლი ოლიგარქიას!“. ეს იყო ფანტასტიკური გამოთქმა, რომელიც მოიგონეს პროტესტის მონაწილეებმა. ეს იყო ის, რაც გამოხატავს იმ უთანასწორო ეკონომიკურ სისტემასთან ბრძოლასა და ჩვენ თავზე ჯდომას, რომელსაც ოლიგარქია წარმოადგეს. „ცეცხლი ოლიგარქიას!“ - ხალხიდან გამოსული გამოთქმა იყო“,- განაცხადა დოლიძემ.

ასევე, დოლიძემ ისაუბრა საქართველოს მესამე პრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, დოლიძე აცხადებს, რომ გავრცელებული ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის შესაძლო გათავისუფლების ან უკრაინისთვის გადაცემის შესახებ „მნიშვნელოვანია“.

დოლიძის თქმით, არსებობს ვარაუდი, რომ სააკაშვილისთვის შეთავაზებულია გარკვეული პირობები, რათა მან მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში აქტიური მონაწილეობა დროებით არ მიიღოს.

მისივე შეფასებით, სააკაშვილი ხელისუფლებისთვის „ცოცხალი ფარია“ და მისი საკითხი პოლიტიკურ კონტექსტში გამოიყენება.

„მნიშვნელოვანია ის ამბები, რომლებიც ჟონავს იმასთან დაკავშირებით, რომ შეიძლება მიხეილ სააკაშვილი გაათავისუფლონ ან უკრაინას გადასცენ. შეიძლება სააკაშვილისთვისაც ნათქვამი აქვთ, რომ ცოტახანს არ გამოვიდეს, არ შეიტანოს დისონანსი, რადგან მას იმედს აძლევენ, რომ გაათავისუფლებენ. სააკაშვილი ხელისუფლების ცოცხალი ფარია. აყვანილი ჰყავთ ტყვედ და აფარებული ჰყავთ. შესაძლებელია სააკაშვილისთვის ნათქვამი აქვთ, რომ არ ვითარებაში არ გაერიოს და არ გაამწვავოს, რადგან მას ელის თავისუფლება. თუ ტყვედ გყავს ადამიანი აყვანილი, ბუნებრივია რაღაცას შესთავაზებ“, - განაცხადა დოლიძემ.