9 პოლიტიკური პარტია ახალი ეტაპის დაწყებას აანონსებს. ალიანსის ლიდერების განცხადებით, 26 მაისის შეკრება საერთო ეროვნული მობილიზაციის პირველი ფაზის შემაჯამებელი ნაწილი იყო ახლა კი იწყება მეორე ეტაპი, კამპანია სახელწოდებით -„საქართველო იმსახურებს უკეთესს“. გაერთიანების წევრების განცხადებით, მთავარი აქცენტი ამ ეტაპზე იქნება ხალხთან უფრო ღრმა და ინტენსიურ პირდაპირ კომუნიკაციაზე. როგორც თავადვე განმარტავენ, თუ პირველ ეტაპზე კამპანია ძირითადად თბილისში მიმდინარეობდა, ახლა ალიანსი გეგმავს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გასვლას და მოსახლეობასთან უშუალო შეხვედრებს. როგორც ცნობილია ახალი კამპანიის ფარგლებში ყურადღება გამახვილდება სოციალურ და ეკონომიკურ პრობლემებზე - ფასების ზრდაზე, ჯარიმებზე, ემიგრაციაზე. ოპოზიციური ალიანსის საბოლოო მიზანი ახალი დემოკრატიული არჩევნების მიღწევაა.