ძალადობა ნებისმიერი მხრიდან უნდა იყოს აღკვეთილი და კანონის მიერ მკაცრად დასჯილი - პასუხისმგებლობას თავს ვერავინ ვერ აარიდებს, გნებავთ ეს პოლიციელი იყოს, პოლიტიკოსი, ინჟინერი, ექიმი თუ სხვა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების” დეპუტატმა, თენგიზ შარმანაშვილმა ჟურნალისტებთან გორში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, პოლიციელები, რომლებიც მოქალაქეს ფიზიკურად გაუსწორდნენ, კანონიდან გამომდინარე აგებენ პასუხს.
„ძალადობა ნებისმიერი მხრიდან უნდა იყოს აღკვეთილი და კანონის მიერ მკაცრად დასჯილი. პასუხისმგებლობას თავს ვერავინ ვერ აარიდებს, გნებავთ ეს პოლიციელი იყოს, პოლიტიკოსი, ინჟინერი, ექიმი თუ სხვა.
სისხლის სამართლის კოდექსი კონკრეტულად ითვალისწინებს სასჯელის სახეობას - ეს ბრალი მათ წაყენებული ექნებათ და კანონიდან გამომდინარე აგებენ პასუხს”, - განაცხადა შარმანაშვილმა.
ცნობისთვის, გორში, ე.წ. კომბინატის დასახლებაში ორ პირს სამართალდამცავთა ჯგუფი ფიზიკურად გაუსწორდა. აღნიშნულის ამსახველ კადრებს სოციალურ ქსელში „ქართლის ამბები“ ავრცელებს. თავის მხრივ, პროკურატურამ პოლიციელების მხრიდან ძალადობით უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
შეგახსენებთ იმასაც, რომ ადვოკატის განცხადებით, პაპუნა ლოცულაშვილი 353-ე მუხლით იყო დაკავებული, რაც გულისხმობს პოლიციის მუშაკების მიმართ წინააღმდეგობის გაწევას, მათი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით, ძალადობის მუქარით.