ტატა ხვედელიანი - დღეს ვსაუბრობთ იმაზე, როგორ ესმის ხელისუფლებას განათლება - როგორც საზოგადოებრივი სიკეთე თუ როგორც კონტროლის ინსტრუმენტი? მთავარი კითხვა მაინც ერთია: ვინ ატარებს განათლების რეფორმას? - Palitra News

ტატა ხვედელიანი - დღეს ვსაუბრობთ იმაზე, როგორ ესმის ხელისუფლებას განათლება - როგორც საზოგადოებრივი სიკეთე თუ როგორც კონტროლის ინსტრუმენტი? მთავარი კითხვა მაინც ერთია: ვინ ატარებს განათლების რეფორმას?

2026-05-28 13:16:49+04:00

დღეს ამ დარბაზში ვსაუბრობთ იმაზე, როგორ ესმის ხელისუფლებას განათლება - როგორც საზოგადოებრივი სიკეთე და განვითარების გზა თუ როგორც ცენტრალიზებული, პოლიტიკური და კორუფციული კონტროლის ინსტრუმენტი? ვინ ატარებს განათლების რეფორმას და ვისი ინტერესებისთვის სწირავთ ბავშვების და ახალგაზრდების ხარჯზე საქართველოს მომავალს? - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ პარტიის პოლიტსაბჭოს წევრმა, დეპუტატმა ტატა ხვედელიანმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც ინტერპელაციის წესით განათლების მინისტრს, გივი მიქანაძეს უსმენენ.

ხვედელიანმა განათლების მინისტრს მიმართა და უთხრა, რომ მას პასუხების გაცემა მოუწევს იმ რეფორმებთან დაკავშირებით, „რომელმაც ისედაც გამოწვევების წინაშე მდგომი განათლების სისტემა კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო”.

„არ შემიძლია არ გამოვეხმაურო გორში გუშინ მომხდარ ძალადობას. დადასტურდა კიდევ ერთხელ „ოცნების” სისტემური დანაშაული და ეს არის მოძალადეებისთვის ღირსების ორდენების დარიგების შედეგი და ის დაუსჯელობის განცდა რომელიც თქვენ გააჩინეთ.

რამდენიმე დღის წინ სკოლის მოსწავლეებისთვის ბოლო ზარი დაირეკა. მათ მინდა მივულოცო და ვუსურვო წარმატებებით აღსავსე მომავალი, ისეთი ქვეყანა, სადაც განათლებას ფასი ექნება და შრომას - ღირსეული შედეგი.

ჩვენს ქვეყანაში უმნიშვნელოვანესი პერიოდია, როგორც ზოგადი, ისე უმაღლესი განათლების მიმართულებით. პერიოდი, რომელსაც მთელი ქვეყანა ელის და აბიტურიენტებისთვის ამ ისედაც რთული გზის გავლა გაცილებით მარტივი იქნებოდა გზაზე „ოცნება” რომ არ ეღობებოდეს.

დღეს ამ დარბაზში ვსაუბრობთ იმაზე, როგორ ესმის ხელისუფლებას განათლება, როგორც საზოგადოებრივი სიკეთე და განვითარების გზა თუ როგორც ცენტრალიზებული, პოლიტიკური და კორუფციული კონტროლის ინსტრუმენტი, სადაც მოსწავლე, სტუდენტი, მასწავლებელი, პროფესორი, სკოლა და უნივერსიტეტი გადაწყვეტილების მიღების პროცესიდან სრულად გამოთიშულია.

ამდენი წლის შემდეგაც კი „ოცნებამ“ ვერ შეძლო უფასო სასკოლო კვების პროგრამის შექმნა, თუმცა მოახერხა ის, რომ მშობლებს დამატებითი ხარჯი დააკისროს სასკოლო ფორმების სახით. ფორმა თავისთავად ცუდი იდეა არ არის, მაგრამ აქ მთავარი პრიორიტეტებია.

როგორ მყარდება „სოციალური თანასწორობა“, თუ ერთი ბავშვი ფორმაში ჩაცმული უყურებს მეორეს, რომელიც მის გვერდით საჭმელს ვერ ყიდულობს?

დღეს ჩვენ მოგიწვიეთ პარლამენტში იმისთვის, რომ ქართველ ხალხს გასცეთ პასუხები თქვენს მიერ განხორციელებულ რეფორმასთან დაკავშირებით, რეფორმასთან, რომელმაც ისედაც გამოწვევების წინაშე მდგომი განათლების სისტემა კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო.

ჩვენი კითხვები ეხება განათლების სისტემის მომავალს, უნივერსიტეტების ავტონომიას, აკადემიური თავისუფლების შეზღუდვას, სტუდენტთა უფლებებს, მასწავლებლების ღირსეულ შრომას. დანგრეულ სკოლებს, მილიონობით ლარის გამარტივებულ შესყიდვებს სასკოლო ფორმებისთვის, ერთი სახელმძღვანელოს პოლიტიკას, XII კლასის მნიშვნელობის დაკნინებას თქვენი უწყების მხრიდან.

როდესაც საქმე გვაქვს ხელისუფლებასთან, რომლის პირობებშიც არაერთი ჩინოვნიკია მხილებული კორუფციაში, ხელისუფლებასთან, რომელიც ბაღის ბავშვებსაც კი საჭმლის ფულს ჰპარავდა, რა თქმა უნდა კითხვები ლეგიტიმურია, რადგან ამ პრობლემებზე საუბრისას თქვენ მუდმივად იცავდით არა ბავშვების ინტერესებს, არამედ ბიუჯეტის მძარცველებს.

დღეს აბიტურიენტებს აინტერესებთ, რატომ გამოქვეყნდა დაგვიანებით აბიტურიენტთა ცნობარი? რატომ არ არის ნათლად მითითებული პროგრამების კრედიტები? რატომ უჩნდებათ ახალგაზრდებს განცდა, რომ მათ უკვე გაკეთებული არჩევანის შეცვლა მოუწევთ?

ამ ყველაფერთან ერთად კი მთავარი კითხვა მაინც ერთია: ვინ ატარებს განათლების რეფორმას და ვისი ინტერესებისთვის სწირავთ ბავშვების და ახალგაზრდების ხარჯზე საქართველოს მომავალს?

ბოლოს, თქვენმა მოადგილემ მოიტანა კომიტეტზე აშენებული სკოლების ფოტოები, მე კი მოგიტანეთ იმ აუშენებელი სკოლების ფოტოები, რომლებსაც არ იმჩნევთ და ასევე მოგიტანეთ ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2017-2019 შესაბამისობის აუდიტის ანგარიში, რომელსაც როგორც ჩანს თავად ვერ პოულობთ, სადაც ჩანს საიდან დააგროვა გაბისონიამ მილიონები ოფშორებში”, - განაცხადა ხვედელიანმა.