საქართველოში სესხზე საპროცენტო განაკვეთი გაიზარდა - Palitra News

საქართველოში სესხზე საპროცენტო განაკვეთი გაიზარდა

2026-05-28 13:57:03+04:00

საქართველოში სესხზე საპროცენტო განაკვეთი გაიზარდა. მიმდინარე წლის აპრილში წინა თვესთან შედარებით, საქართველოში სესხებზე საბაზრო საპროცენტო განაკვეთები გაზრდილია. ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, აპრილში საშუალოდ სესხებზე საპროცენტო განაკვეთმა 13.32%-ს შეადგენდა, მაშინ როცა წინა თვეში, ანუ მარტში 13.02%- იყო. ამავე სტატისტიკით, აპრილში ეროვნულ ვალუტაში გაცემულ სესხებზე განაკვეთი 15.54%-დან 15.61%-მდე გაიზარდა, უცხოურ ვალუტაში კი 9.13%-დან 9.56%-მდე ზრდა აღინიშნა. რაც შეეხება კონკრეტულ საბანკო პროდუქტებს, შინამეურნეობებისთვის გაძვირდა თითქმის ყველა საბანკო პროდუქტი, მცირედით მხოლოდ უზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხი და იპოთეკა გაიაფდა. ასე მაგალითად, თუ იპოთეკური სესხების საპროცენტო განაკვეთი მარტში საშუალოდ 12, 07% იყო, აპრილში– 12.05% შემცირდა. ავტოსესხის საპროცენტო განაკვეთი მარტში თუ 24% იყო, აპრილში 24,92% -მდე გაიზარდა. გაძვირდა ლომბარდული სესხიც, 19,25%-დან 19,54%-მდე. სამომხმარებლო სესხის განაკვეთმი აპრილში 17.55%-ს შეადგენდა, მაშინ როცა მარტში – 17.51% იყო. ყველაზე მოთხოვნადი არაუზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხის საპროცენტო განაკვეთი 18,47%-დან 18,62%-მდე გაიზარდა, თუმცა შემცირდა იგივე კატეგორიის უზრუნველყოფილი სესხის განაკვეთი 14,24%-დან 13,96%-მდე. გუშინ, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე, ეროვნული ბანკის 2025 წლის ანგარიშის წარდგენისას სებ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ლარში ახალგაცემული სესხების საპროცენტო განაკვეთს აქვს მკვეთრად გამოხატული დაღმავალი დინამიკა. როგორც მან აღნიშნა, 2025 წელთან შედარებით 2026 წელს, მაგალითისთვის, იპოთეკურ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი 1,5 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული. ნათია თურნავამ მაგალითად, იპოთეკურ სესხებზე საშუალო განაკვეთი მოიყვანა, რომელიც მისი თქმით, 2025 წლის იანვრის 13,4%-დან, 2026 წლის მარტში 11,9%-მდე შემცირდა. ბიზნესსესხების შემთხვევაში კი ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, 2025 წლის სექტემბრის 14,4%-იანი ნიშნულიდან, განაკვეთის 12,8%-მდე შემცირებაზე ისაუბრა, თუმცა იქვე აღნიშნა, რომ თითოეული შემთხვევა მაინც უნიკალურია, რასაც ჩვენ მიერ ზემოთ მოყვანილი სტატისტიკაც ცხადყოფს.