70 მლრდ ლარზე მეტი - სწორედ ამ მოცულობის თანხაა განთავსებული ქართულ ბანკებში სადეპოზიტო ანგარიშებზე. 2026 წლის აპრილის ბოლოსათვის, საბანკო სექტორში განთავსებული დეპოზიტების მოცულობამ, (ბანკთაშორისი დეპოზიტების გარდა) 70 მილიარდ ლარს გადააჭარბა, რაც დაახლოებით 559 მილიონი ლარით მეტია მარტის თვის ბოლოს არსებულ მაჩვენებელზე. რა თქმა უნდა მონაცემი დათვლილილა გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე. ეროვნული ბანკის მონაცემებით, საანგარიშო პერიოდში დეპოზიტების წლიურმა ზრდამ გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 20.03% შეადგინა. ამასთანავე, აპრილში, წინა თვესთან შედარებით, ვადიანი დეპოზიტები გაიზარდა 179 მილიონ ლარზე მეტით, ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები თითქმის 380 მილიონი ლარით. დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა 2026 წლის აპრილის ბოლოსათვის 53.40 პროცენტი შეადგინა. ეს მონაცემი კი ფაქტობრივად არ შეცვლილა. აპრილში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 7.05% შეადგინა. მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 8.62% იყო , ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 2.40%. უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში ამერიკული დოლარის წილმა 78.18%, ხოლო ევროს წილმა 19.78% შეადგინა.