ოფიციალური სტატისტიკა ირწმუნება, რომ საქართველოში სოციალური უთანასწორობა შემცირდა და შემოსავლებს შორის განსხვავება ახლა ყველაზე დაბალ ნიშნულზეა. ძალიან ხმამაღლა კი ჟღერს, თუმცა რეალურად საუბარია საკმაოდ არასახარბიულო მონაცემის მცირედით ცვლილებაზე. უფრო კონკრეტულად კი საქმე გვაქვს ჯინის კოეფიციენტთან, რომელიც საქსტატის მონაცემებით, 2025 წელს 2024 წელთან შედარებით, მთლიანი შემოსავლების მიხედვით შემცირდა და 0.34 ნიშნულს მიაღწია. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წელს, წინა წელთან შედარებით, ჯინის კოეფიციენტის მნიშვნელობა, როგორც მთლიანი შემოსავლების, ასევე მთლიანი სახსრების მიხედვით, შემცირდა 0.01-ით და 0.34 შეადგინა, ხოლო მთლიანი სამომხმარებლო ხარჯების მიხედვით 0.02 პუნქტით, 0.34 ნიშნულამდე შემცირდა. „საქსტატის“ მიერ წარმოდგენილი მონაცემებით, 2016-2025 წლებში, მთლიანი შემოსავლების მიხედვით, უთანასწორობის მაჩვენებელი ყველაზე მაღალი - 0.41, 2017 წელს იყო. ცნობისთვის, ჯინის კოეფიციენტი ქვეყანაში შემოსავლებს შორის განსხვავებას ასახავს, რომელიც 0-დან 1-ის ინტერვალში მოძრაობს. მაგალითად, თუ ჯინის კოეფიციენტი 0-თან ახლოს ან 0-ის ტოლია, ეს იმას ნიშნავს, რომ შემოსავლებს შორის განსხვავება საერთოდ არ არსებობს, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ 1-თან ახლოს ან 1-ის ტოლია, მაშინ მოსახლეობის შემოსავლებს შორის განსხვავება საკმაოდ მაღალია. როგორც წესი სტატისტიკა ამბობს ერთს, ხოლო რეალობა მეორეს. თავად განსაჯეთ, რამდენად მაღალია ან დაბალი ჩვენს ქვეყანაში უთანასწორობა ყველაზე მაღალ და დაბალშემოსავლიან ფენებს შორის. და ამისთვის რომელიმე ჩინოსნის ხელფასის თვლაც არ არის საჭირო, უბრალოდ შეხედეთ მათ ცხოვრების დონეს და შეადარეთ თქვენსას.