ფაქტი ძალიან მძიმე სანახავი იყო. ვინც კადრები ნახა, გულგრილი ვერავინ დარჩებოდა, თუმცა, აქ არის მეორე მნიშვნელოვანი საკითხი: შესაბამისმა სამსახურმა რეაგირება მოახდინა. ეს კიდევ ერთი დასტურია, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორი ვართ. არავის მიეცემა საშუალება კანონის დაარღვიოს და ამას თვალდახუჭულმა შევხედოთ,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გორში, ე.წ. კომბინატის დასახლებაში სამართალდამცავების მიერ ორ პირზე განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობას და 6 პირის დაკავებას გამოეხმაურა.
ამასთან, კითხვას, როგორ შეაფასებს ოპოზიციის განცხადებებს, რომლებმაც აღნიშნული ფაქტი „სისტემურ დანაშაულთან გააიგივეს", კალაძე ამბობს, რომ „სისტემური დანაშაული 2012 წლამდე ხდებოდა“.
„გვახსოვს, რა ხდებოდა, რა ვითარება იყო საქართველოში, როგორი დამოკიდებულება იყო განსხვავებული აზრის ადამიანების მიმართ. ხალხი კარგად ხედავს განსხვავებას“,- განაცხადა კალაძემ.
ცნობისთვის, გორში, ე.წ. კომბინატის დასახლებაში სამართალდამცავები ორ პირს - პაპუნა ლოცულაშვილსა და მის მეგობარს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
მომხდართან დაკავშირებით, დაკავებულია 6 სამართალდამცავი. მათ ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარედგინებათ, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს, ჩადენილს ძალადობით. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ამასთან, გამოძიება დაწყებულია პაპუნა ლოცულაშვილის მიმართაც სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით, რაც პოლიციელის მიმართ განხორციელებულ ძალადობას გულისხმობს.
ამასთან, პროკურატურამ პოლიციელების მხრიდან ძალადობით უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის ბ ქვეპუნქტით დაიწყო.