გივი მიქანაძე - მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სრულიად ახალი სქემა შარშან შემუშავდა - ახალი მოდელი ეფუძნება საერთაშორისო გამოცდილების ანალიზსა და თანამედროვე საგანმანათლებლო მიდგომებს - Palitra News

გივი მიქანაძე - მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სრულიად ახალი სქემა შარშან შემუშავდა - ახალი მოდელი ეფუძნება საერთაშორისო გამოცდილების ანალიზსა და თანამედროვე საგანმანათლებლო მიდგომებს

2026-05-28 14:44:23+04:00

მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სრულიად ახალი სქემა შარშან შემუშავდა და 2026 წლის 1-ელი იანვრიდან მთავრობის დადგენილებით დამტკიცდა. ახალი მოდელი ეფუძნება საერთაშორისო გამოცდილების ანალიზსა და თანამედროვე საგანმანათლებლო მიდგომებს. ამასთანავე, სისტემურად გადაეწყო მასწავლებელთა განვითარების ეროვნული ცენტრი, რომელიც დღეს უკვე, როგორც პროფესიული განვითარების, ისე კარიერული წინსვლის მიმართულებით მასწავლებლებს სხვადასხვა მხარდამჭერ მექანიზმებს სთავაზობს, - ამის შესახებ განათლების მინისტრმა, გივი მიქანაძემ პარლამენტში, ინტერპელაციის წესით მოსმენისას განაცხადა.

მიქანაძის თქმით, მასწავლებლის კარიერული წინსვლა აღარ იქნება დაკავშირებული რაიმე ტიპის გამოცდასთან და მთავარი აქცენტი გაკეთდება პრაქტიკაში განხორციელებულ საქმიანობაზე.

„პროფესიული განვითარების მიმართულებით მიმდინარეობს საგნობრივი ტრენინგები, მათ შორის, იმ მასწავლებლებისთვის, რომლებიც ზაფხულში საგნობრივ გამოცდებს აბარებენ.

განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა დაწყებითი საფეხურის მასწავლებლების გადამზადებას ინკლუზიური განათლების მიმართულებით. ასევე, დამატებით დაიწყება ტრენინგები საბაზო და საშუალო საფეხურის იმ მასწავლებლებისთვის, რომლებიც 2027-2028 სასწავლო წლიდან რეპეტიტორიუმის მოდელს განახორციელებენ.

რაც შეეხება კარიერულ განვითარებას, ახალი სქემის ფარგლებში მასწავლებლის რესურსი უფრო ფართოდ იქნება გამოყენებული როგორც სკოლის შიგნით, ისე სისტემურ დონეზე. ამიერიდან, კარიერული განვითარება სამი ძირითადი მიმართულებით განისაზღვრება: სწავლა-სწავლება, საგანმანათლებლო კვლევები და საგანმანათლებლო ლიდერობა. ეს არის სრულიად ახალი შესაძლებლობა იმ მასწავლებლებისთვის, ვისაც პროფესიულ ზრდასთან ერთად მეტი პასუხისმგებლობის აღება სურს.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ კარიერული წინსვლა აღარ იქნება დაკავშირებული რაიმე ტიპის გამოცდასთან. მთავარი აქცენტი გაკეთდება პრაქტიკაში განხორციელებულ საქმიანობაზე, რეალურ შედეგებზე, პროფესიულ აქტივობებსა და მასწავლებლის ყოველდღიურ მუშაობაზე.

ახალი სქემა იქნება არა ბიუროკრატიული ბარიერი, არამედ მასწავლებლის მხარდაჭერის, განვითარებისა და პროფესიის გაძლიერების მექანიზმი”, - განაცხადა მიქანაძემ.