გორში ნაცემი ლაშა აბისონაშვილის დედა - ჟურნალისტი, ვინც კადრები გადაიღო, ამბობს, არაადამიანურმა ღმუილმა გამაღვიძაო - მეორე სართულზე რომ გაიგებ და თან გძინავს, წარმოიდგინეთ, როგორ ყვიროდა პაპუნა ამ წამების დროს - ჩემი შვილიც გამეტებით არის ნაცემი - Palitra News

გორში ნაცემი ლაშა აბისონაშვილის დედა - ჟურნალისტი, ვინც კადრები გადაიღო, ამბობს, არაადამიანურმა ღმუილმა გამაღვიძაო - მეორე სართულზე რომ გაიგებ და თან გძინავს, წარმოიდგინეთ, როგორ ყვიროდა პაპუნა ამ წამების დროს - ჩემი შვილიც გამეტებით არის ნაცემი

2026-05-28 15:07:04+04:00

როგორც გავიგე, აპირებდნენ რომ წამალი ჩაედოთ მისთვის [პაპუნა ლოცულაშვილისთვის]. არადა არანაირი შეხება წამალთან არ აქვს. მშრომელი, განათლებული ბიჭია. ყვიროდნენ თურმე შვიდ წლიან სისხლზე გაუშვიო,- ამის შესახებ, ლაშა აბისონაშვილის დედამ, AMBEBI.GE-სთან განაცხადა, რომლის შვილსაც და მის მეგობარს - პაპუნა ლოცულაშვილს გუშინ, გორში, სამართალდამცავები ფიზიკურად გაუსწორდნენ.

ნინო ელიკაშვილის თქმით, პაპუნა ლოცულაშვილი „ისეთი ბიჭი არ არის, რომ რაიმე წინააღმდეგობა გაეწია პოლიციისთვის“.

„კადრებშიც ჩანს, სამუშაო ტანსაცმელი აცვია სპორტული ჩემს შვილს და რომ გამოათრევენ, დააგდებენ და ურტყამენ, აგინებენ. სასტიკად ნაცემია პაპუნა. ჩემმა შვილმა მითხრა, რომ ვნახე, სახე სულ ჩაშავებული ჰქონდაო, სილურჯეები აქვს ყველგან, ტვინის შერყევა დაუდგინდა და ნეკნიც ჰქონია მოტეხილი. მთელი პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ პაპუნა უპატიოსნესი ბიჭია, ისეთი ბიჭი არ არის, რომ რამე წინააღმდეგობა გაეწია, როგორც გავიგე, აპირებდნენ რომ წამალი ჩაედოთ მისთვის. არადა არანაირი შეხება წამალთან არ აქვს. მშრომელი, განათლებული ბიჭია. ყვიროდნენ თურმე შვიდ წლიან სისხლზე გაუშვიო. უწესიერესი, სამაგალითო, თითით საჩვენებელი ბიჭია, ესენი არიან კანონიერი ყაჩაღები, მეტი არაფერი. გორში სალონურ საღამოებს ვმართავ ხოლმე, ჩანიშნული მქონდა გუშინ პოეტური საღამო, თბილისიდან მოდიოდა ხალხი და იძულებული ვიყავი გამემართა, მთელი დღე განვიცდიდი ამ ამბავს, ძალიან გამანადგურა ამ ამბავმა, ყველა მოითხოვს მათ უმკაცრესად დასჯას. ფიზიკურ ტკივილთან ერთად რამხელა მორალური და ფსიქოლოგიური ტკივილი მიადგათ ამ ბიჭებს. ისეთი ფაქიზი სულის ბიჭია პაპუნა, ქუჩური ტიპი არ არის. სულ სხვანაირი სულის ბიჭია და მორალურადაც გაუჭირდება მომხდარის გადატანა.

24 საათში უნდა წაუყენონ მაგათ ბრალი. დასახელდა ოთხის გვარი, კადრებში ჩანს, რომ ბევრნი იყვნენ და ყველამ უნდა აგოს პასუხი, არამარტო ოთხმა. მსგავსად ვინ იცის რამდენ ახალგაზრდაზე ძალადობდნენ ეს პოლიციელები, ახლა არ გაუმართლდათ, რომ გადაიღეს კადრები, თორემ ვინ იცის რას უზამდნენ. ასეთი განუკითხაობა როგორ უნდა ხდებოდეს. მოსახლეობისგან მაგათ იმდენი წყევლა და გინება აქვთ, რომ არ იყვნენ ცოცხლები ეგ ჯობია. უბრალოდ ისეთი პატარაა, ეს ქალაქი, ყველამ იცის ვინ ვინ არის. ეს უდანაშაულო ბიჭი, პაპუნა პედაგოგების აღზრდილია, ძალიან კარგ ოჯახში, კარგ გარემოში გაზრდილი. მისი მამიდა პედაგოგია, ხომ შეიძლება იმ მოძალადე პოლიციელებიდან ერთ-ერთის მასწავლებელიც იყო. როგორ შეიძლება ასე გასწორებოდნენ ადამიანს. მოვითხოვთ, ყველამ აგოს პასუხი“,- განაცხადა ლაშა აბისონაშვილის დედამ ნინო ელიკაშვილმა.

მისივე თქმით, უმძიმესი ფაქტი მოხდა და აუცილებლად უნდა აგოს პასუხი ყველა დამნაშავემ.

„ჩემი შვილი ლაშა აბისონაშვილი და პაპუნა ლოცულაშვილი ბავშვობიდან მეგობრობენ და საუკეთესო ურთიერთობა აქვთ ერთმანეთთან. პაპუნა მუშაობს „საქართველოს ბანკში“, ჩვენ, ოჯახს გვაქვს ავეჯის ბიზნესი და ჩემი შვილი იყო სამსახურში და აკეთებდა ავეჯის რესტავრაციას. პაპუნა აკითხავდა ხოლმე სამსახურში ლაშას. შესვენებაზეც გადადის და ხან საღამოსაც ერთად არიან. უწესიერესი ბიჭები არიან. პაპუნა ისეთი განათლებულია, ისეთი მოკრძალებული, ისეთი ღირსეული, რომ იქითაც მოკრძალებით რომ ელაპარაკები.

31 წლის არის ჩემი შვილი, პაპუნა ერთი წლით მასზე პატარაა. გუშინ სამსახურიდან გასული იყო პაპუნა შესვენებაზე ლაშასთან, ერთად მიირთვეს საჭმელი და ამის შემდეგ გამოვიდა პაპუნა გარეთ, აღმოჩნდა, რომ მის მანქანა მიუყენეს უკან მანქანა გორის კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა. პაპუნას უთქვამს, გამატარეთო, რადგან ეჩქარებოდა სამსახურში, პოლიციელებს თურმე არ მოეწონათ მისი ეს ნათქვამი, რატომღაც შენიშვნად მიიღეს თუ რაღაც და მაგაზე აუშარდნენ, გადმოვიდნენ და დაუწყეს ცემა, მერე ჩემი შვილი გავიდა გასარკვევად რა ხდებოდა და ისიც სცემეს. როგორ გამეტებით ურტყამდნენ, ეს უმძიმესი ფაქტები მთელმა საქართველომ ნახა“,- განაცხადა ნინო ელიკაშვილმა.

ნინო ელიკაშვილის თქმით, მისი შვილიც გამეტებით არის ნაცემი.

„ერთი მოსახლე ცხოვრობს ჩვენი საწყობის თავზე, ის ერთადერთი არის ჟურნალისტი ლადო ბიჭაშვილი, რომელიც იყო იმ დროს სახლში და ეძინა. ლადო ამბობს, არაადამიანურმა ღმუილმა გამაღვიძაო, და რომ გავიხედე, ეს სიტუაცია იყოო, საბედნიეროდ მან შეძლო ამ უმძიმესი კადრების გადაღება და ამხილა მოძალადეები. მე რომ დამირეკა ჩემმა რძალმა, იმდენად დაუჯერებელი იყო, ვერ ვიგებდი რა ხდება. იქ რომ გავედით, უკვე ლენტებს ავლებდნენ, ვიკითხე, რა ხდება მეთქი, გაიგებთო, უხეშად მიპასუხა პოლიციის თანამშრომელმა, მერე ველაპარაკე ჟურნალისტ ლადო ბიჭაშვილს, უკვე მოსული იყო ჟურნალისტი გიორგი ახალკაციც და მითხრეს, ნინო, ყველაფერი გადაღებულია, ატვირთულია უკვე ფორმულაზეაო. ჩემი შვილიც გამეტებით არის ნაცემი. არაადამიანურ გმინვას რომ გაიგებ მეორე სართულზე და თან გძინავს, წარმოიდგინეთ, როგორ ყვიროდა პაპუნა ამ წამების დროს”,- განაცხადა ნინო ელიკაშვილმა.

ცნობისთვის, გორში, ე.წ. კომბინატის დასახლებაში სამართალდამცავები ორ პირს - პაპუნა ლოცულაშვილსა და მის მეგობარს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

მომხდართან დაკავშირებით, დაკავებულია 6 სამართალდამცავი. მათ ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარედგინებათ, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს, ჩადენილს ძალადობით. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამასთან, გამოძიება დაწყებულია პაპუნა ლოცულაშვილის მიმართაც სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით, რაც პოლიციელის მიმართ განხორციელებულ ძალადობას გულისხმობს.

ამასთან, პროკურატურამ პოლიციელების მხრიდან ძალადობით უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის ბ ქვეპუნქტით დაიწყო.