თქვენს პირობებში დიპლომატია ფაქტობრივად აღარ არსებობს! დიპლომატიად მეგობარი ქვეყნების ელჩების შეურაცხყოფა ითვლება - არავინ იცის, რისთვის გამოიყენებთ დიპლომატიის აკადემიას: - რეალურად დამოუკიდებელი დიპლომატების თუ პარტიულად ერთგული სპეციალისტების გასაზრდელად! - ეს განცხადება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, დეპუტატმა გიორგი შარაშიძემ დიპლომატიის აკადემიას შექმნის საკანონმდებლო ინიციატივის განხილვისას გააკეთა.
შარაშიძის თქმით, არსებობს რისკი იმასთან დაკავშირებით, რომ ამ უმაღლეს სასწავლებელს სათანადო ავტონომია და დამოუკიდებლობა არ ექნება.
შარაშიძემ აღნიშნა ისიც, რომ ნორმალურ ვითარებაში დიპლომატიური აკადემიის შექმნა მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელი გადაწყვეტილება იქნებოდა.
„ჩვენც კარგად გვესმის, რა მნიშვნელობა აქვს პროფესიონალი კადრების მომზადებას, განსაკუთრებით ისეთ მნიშვნელოვან სფეროში, როგორიც არის საგარეო ურთიერთობები და საგარეო პოლიტიკა.
ერთადერთი მიზეზი, რის გამოც შეიძლება თავი შევიკავოთ არის ის, რომ დიპლომატია თქვენს პირობებში ფაქტობრივად აღარ არსებობს - დიპლომატიად ითვალება სტრატეგიული, მეგობარი ქვეყნების ელჩების შეურაცხყოფა! ასევე გვახსოვს ძალიან სამწუხარო მაგალითი, როდესაც საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული სავალდებულო მუხლის დაცვის გამო საგარეო საქმეთა სამინისტროდან თანამშრომლები გაათავისუფლეთ.
ამ ფონზე, როდესაც დიპლომატიურ აკადემიას ქმნით, რომლის მაკონტროლებელი საგარეო საქმეთა სამინისტრო იქნება, ჩნდება ბევრი კითხვა და რისკი იმასთან დაკავშირებით, რომ ამ უმაღლეს სასწავლებელს სათანადო ავტონომია და დამოუკიდებლობა არ ექნება.
არავინ იცის, რისთვის გამოიყენებთ დიპლომატიის აკადემიას - რეალური დამოუკიდებელი დიპლომატების თუ პარტიულად ერთგული სპეციალისტების გასაზრდელად. დიდი იმედი მაქვს, რომ ასე არ მოხდება, მაგრამ თქვენივე ქმედებებიდან გამომდინარე, ნაკლები საფუძველი მაქვს იმის დაჯერების, რომ დიპლომატიურ აკადემიას ქმნით არა ჭეშმარიტად კეთილშობილური მიზნებისთვის, არამედ იმისთვის, რომ შექმნათ და გაზარდოთ პარტიულად ერთგული კადრები დიპლომატიაში“, - განაცხადა გიორგი შარაშიძემ.