განათლების მინისტრმა პარლამენტში, ინტერპელაციის ფორმატში, განათლების სისტემასთან დაკავშირებულ კითხვებს უპასუხა. გივი მიქანაძეს დეპუტატებმა 44 შეკითხვა დაუსვეს - რეფორმიდან და სახელმძღვანელოებიდან დაწყებული, სასკოლო ფორმებითა და კვებით დასრულებული.
მინისტრის განცხადებით, სკოლებში სახელმძღვანელოების განახლება უკვე დაწყებულია და ახალი სასწავლო წლიდან პირველ, მეშვიდე და მეათე კლასების მოსწავლეებს რამდენიმე საგანში ახალი წიგნები დახვდებათ. ამასთანავე, მისივე თქმით, სამინისტრო სქელტანიან სახელმძღვანელოებზე უარს ამბობს და სემესტრულ მოდელზე გადადის, რათა მოსწავლეების ჩანთები შემსუბუქდეს.
მიქანაძის განმარტებით, ახალი რესურსები დახურულ რეჟიმში არ შეიქმნება - პროცესში მასწავლებლები, სპეციალისტები და პროფესიული წრეები ჩაერთვებიან, ხოლო მიზანი თანამედროვე და აკადემიურ სტანდარტებზე დაფუძნებული საგანმანათლებლო მასალის შექმნაა.