რუსეთი სომხეთის ნატო-სთან და ევროკავშირთან დაახლოების კურსით შეშფოთებულია , - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ განაცხადა.
„ჩვენ არ შეიძლება არ გვაშფოთებდეს სომხეთის ხელმძღვანელობის დაახლოების კურსი ევროატლანტიკურ თანამეგობრობასთან, რომლის მთავარი პოლიტიკური ხაზიც სწორედ მოსკოვის წინააღმდეგ არის მიმართული. ევროკავშირი ეკონომიკური გაერთიანებიდან აგრესიულ მილიტარისტულ ბლოკად გარდაიქმნება. ნატო-სთან მისი ფაქტობრივი კავშირი ნათელია“, - განაცხადა ზახაროვამ.
ამასთან, ზახაროვას თქმით, სოხეთმა 7 ივნისს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებზე რიგი რუსი დამკვირვებლებისთვის აკრედიტაციის მინიჭებაზე უარი განაცხადა.
„სომეხმა პარტნიორებმა არაფორმალურად შეგვატყობინეს, რომ რუსეთის რიგი მოქალაქეების სადამკვირვებლო მისიაში შეყვანა არ სურთ. საუბარია სახელწიფო დუმას სამ დეპუტატსა და ყარაჩაი-ჩერქეზეთის საარჩევნო კომისიის წარმომადგენელზე. ამის მიზეზები მოვითხოვეთ, მაგრამ ოფიციალური პასუხი არ მიგვიღია. აკრედიტაციის მინიჭებაზე უარი დასანანია და ეს ჩვენთვის გაუგებარია“, - აღნიშნა ზახაროვამ.