ირაკლი ფავლენიშვილი - მოქალაქეები სისტემური წამების საფრთხის ქვეშ არიან და ამ ყველაფრის მიზეზი ისაა, რომ შსს-ის სულხან თამაზაშვილი და ალექსანდრე დარახველიძე ხელმძღვანელობს - საქმე, დაუყოვნებლივ, წამების მუხლით უნდა აღიძრას - Palitra News

ირაკლი ფავლენიშვილი - მოქალაქეები სისტემური წამების საფრთხის ქვეშ არიან და ამ ყველაფრის მიზეზი ისაა, რომ შსს-ის სულხან თამაზაშვილი და ალექსანდრე დარახველიძე ხელმძღვანელობს - საქმე, დაუყოვნებლივ, წამების მუხლით უნდა აღიძრას

2026-05-29 12:43:06+04:00

საქართველოს მოქალაქეები ყველა ქუჩაზე, ყველა ქალაქში, ყველა დაბაში არიან სისტემური წამების საფრთხის ქვეშ და ამ ყველაფრის მიზეზი არის ის, რომ შსს-ის ხელმძღვანელობს სულხან თამაზაშვილი და ალექსანდრე დარახველიძე, რომლებიც არიან სისტემური წამების გამო სანქცირებულები,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ირაკლი ფავლენიშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, რომ აღარ განმეორდეს ისეთ შემთხვევები როგორიც დაფიქსირდა გორში და ასევე, რაც მოხდა ჟურნალისტების გურამ როგავასა და მაკა ჩიხლაძის, პოლიტიკოს ლევან ხაბეიშვილის შემთხვევაში, საჭიროა, ეს ადამიანები სისტემიდან წავიდნენ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ასე მოითხოვა გორში ნაცემი პაპუნა ლოცულაშვილის მიმართ სამართლებრივი დევნის შეწყვეტა და სამართალდამცველების მიმართ გამოძიების წამების მუხლით დაწყება.

„რომ არა თავისუფალი მედიის წარმომადგენლების სამოქალაქო გამბედაობა, არ იქნებოდა ვიდეომტკიცებულება იმის, თუ როგორ აწამეს საქართველოს ორი მოქალაქე, ხოლო შემდგომში ეს ნაწამები ხალხი გაწირეს პატიმრობისთვის. ეს არის სისტემური წამების კიდევ ერთი ეპიზოდი, რაც აჩვენებს, რომ საქართველოს მოქალაქეები ყველა ქუჩაზე, ყველა ქალაქში, ყველა დაბაში არიან, სისტემური წამების საფრთხის ქვეშ და ამ ყველაფრის მიზეზი, პირველ რიგში, არის ის, რომ შსს-ის ხელმძღვანელობს სულხან თამაზაშვილი და ალექსანდრე დარახველიძე, რომლებიც არიან სისტემური წამების გამო სანქცირებულები. მათ უკან დასახევი გზა აღარ აქვთ, ისინი ყველაფერზე არიან წამსვლელები, მათ სისტემური წამება აქციეს ერთ დროს სახელოვანი ქართული შსს-ის სამინისტროს თანამშრომლების ძალიან დიდი ნაწილის მოქმედებისა და ფუნქციონირების წესად. ეს არის ძალიან დიდი საფრთხე ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის. იმისთვის, რომ აღარ განმეორდეს გორის შემთხვევა, აღარ განმეორდეს ის, რაც მოუვიდა, მაგალითად, გურამ როგავას, რაც მოუვიდა მაკა ჩიხლაძეს, ლევან ხაბეიშვილს, ამისთვის საჭიროა, ეს ხალხი დაუყოვნებლივ წავიდეს სისტემიდან. ეს ხალხი არის სისტემური წამების შემოქმედი და აღმსრულებელი. გარდა ამისა, ჩვენ მოვითხოვთ, რომ ადამიანი, რომელიც არის წამებული, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, იყოს გათავისუფლებული ბრალეულობისგან და მის წინააღმდეგ გამოძიება შეწყდეს. ცინიკურია, რომ არსებობს ადამიანის წამების ვიდეომტკიცებულება და ეს კაცი არის ბრალდებული. მეორე, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ ვნახეთ წამება და არ გვინახავს უფლებამოსილების გადამეტება, არ სჭირდება იურიდიული ცოდნა ამის მიხვედრას, ამიტომაც, დაუყოვნებლივ აღიძრას საქმე წამების მუხლით.“- განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.