გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ კიდევ ორ პირს პატიმრობა შეეფარდა - Palitra News

გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ კიდევ ორ პირს პატიმრობა შეეფარდა

2026-05-29 20:56:26+04:00

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმიდან გამოყოფილ ეპიზოდზე დაკავებულ კიდევ 2 პირს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. საქმე ეხება ირაკლი სულაბერიძესა და დემეტრე კასრაძეს, რომლებიც პოლიციამ 27 მაისს დააკავა.

პროკურატურის ინფორმაციით, საქმეში არსებობს ვიდეომტკიცებულებები, სადაც ბრალდებულები ფიგურირებენ. უწყების განმარტებით, დემეტრე კასრაძე უშუალოდ გიგა ავალიანზე თავდასხმის ადგილზე არ იმყოფებოდა, თუმცა ის ალექსანდრე გაბაშვილის გარემოცვასთან იყო დაკავშირებული და დანაშაულის საკითხზე კომუნიკაციაში მონაწილეობდა.

გამოძიების ვერსიით, გასული წლის თებერვალში რამდენიმე პირმა დაზარალებული მოტყუებით მიიყვანა დიდ დიღომში და ფიზიკურად გაუსწორდა, ძალადობის პროცესი კი მობილური ტელეფონით გადაიღო. პროკურატურის ცნობით, იმავე წლის ივლისშიც მსგავსი ძალადობრივი ფაქტი მოხდა, სადაც ბრალდებულები სხვა პირებთან ერთად წინასწარ შერჩეულ მსხვერპლზე ანგარიშსწორებაში მონაწილეობდნენ. დაკავებულებს ბრალი ჯგუფურ ძალადობრივ მოქმედებაში მონაწილეობისთვის აქვთ წარდგენილი, რაც 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.