საქართველოს მოქალაქე, რომელსაც კავშირი ორ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურთან ჰქონდა, ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, დაკავებული არასამთავრობო ორგანიზაციის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი იყო და წლების განმავლობაში უცხო ქვეყნების ინტერესების სასარგებლოდ სადაზვერვო ინფორმაციის მოპოვებასა და გადაცემას სისტემურად ახორციელებდა.
გამოძიების ვერსიით, მისი საქმიანობა ფინანსურ სარგებელსა და უცხო ქვეყნების დავალებებს უკავშირდებოდა. უწყების ცნობით, ბრალდებულს უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების წარმომადგენლებთან კონსპირაციული და რეგულარული კავშირები ჰქონდა.
ინფორმაციის გაცვლა როგორც პირისპირ შეხვედრებით, ისე ელექტრონული არხებით მიმდინარეობდა. უსაფრთხოების ზომებისა და ინსტრუქტაჟის მიზნით, შეხვედრების ნაწილი ქვეყნის ფარგლებს გარეთაც იმართებოდა.
გამოძიების ინფორმაციით, უცხოური დაფინანსებითა და დავალებით შექმნილი ჰქონდა საინფორმაციო პლატფორმები და სხვადასხვა აქტივობას ქვეყნის მასშტაბით ორგანიზებას უწევდა.
საქმის მასალების თანახმად, ბრალდებული ერთდროულად ორ უცხო სახელმწიფოსთან თანამშრომლობდა და პარალელურ სადაზვერვო საქმიანობას ეწეოდა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 314-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 8-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.