თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 11 პირი დააკავეს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეები და წარსულში ნასამართლევი პირები.
შსს-ის ინფორმაციით, დაკავებულებს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა, რეალიზაცია, რეალიზაციის ხელშეწყობა და ნარკოტიკული მცენარეების უკანონო კულტივირება ედებათ ბრალად.
სამართალდამცველებმა პირადი და საცხოვრებელი ფართების, ასევე ავტომობილების ჩხრეკისას ამოიღეს სხვადასხვა სახის ნარკოტიკული ნივთიერება, მათ შორის „მეთადონი“, „ალფა-პვპ“, „მორფინი“, „კოდეინი“ და „მარიხუანა“.
უწყების ცნობით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში ერთ-ერთი ბრალდებულისგან რამდენჯერმე განხორციელდა ნარკოტიკის საკონტროლო შესყიდვა და აუდიო-ვიდეო დოკუმენტირება.
გამოძიების ფარგლებში ამოღებულია ნარკოტიკების დაფასოებისთვის საჭირო მასალებიც და თანხა, რომელიც, სავარაუდოდ, რეალიზაციიდან იყო მიღებული. საქმე სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლით მიმდინარეობს და 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.