არც არასდროს უყვარდა მიშა და ამას არც მალავდა. პირიქით- საჯაროდაც ადასტურებდა, აფიშირებდა და ამით ამაყობდა კიდეც. მაგრამ ამავე დროს უნდოდა მისი პარტიის თავმჯდომარეობაც, მისი ამომრჩეველიც და მისი ხმებიც - მთელი პოლიტიკური კამპანია ხშირად არა ივანიშვილის წინააღმდეგ, არამედ ენმ-სგან დისტანცირებასა და ხმების წართმევაზე გადიოდა, - ასე ეხმაურება „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ბეჟაშვილი „კოალიცია ცვლილების“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას ციხიდან გამოგზავნილ წერილს, რითაც ის მიხელ სააკაშვილზე საუბრობს.
როგორც ლევან ბეჟაშვილი აღნიშნავს, ქვეყანაში ოლიგარქიული რეჟიმია, მაგრამ ოპოზიციის ნაწილის მთავარი პოლიტიკური ენერგია ისევ ერთმანეთთან ბრძოლაზე იხარჯება.
„ნუ, ახალი რა ითქვა მისგან? - არც არაფერი. არც არასდროს უყვარდა მიშა და ამას არც მალავდა. პირიქით - საჯაროდაც ადასტურებდა, აფიშირებდა და ამით ამაყობდა კიდეც. მაგრამ ამავე დროს უნდოდა მისი პარტიის თავმჯდომარეობაც, მისი ამომრჩეველიც და მისი ხმებიც.
რატომ ვერ შედგა 2024-ში რეალური ერთიანობა? - პასუხიც აქ არის.
მთავარი „წითელი ხაზი” ყოველთვის მიშა და ენმ იყო. მთელი პოლიტიკური კამპანია ხშირად არა ივანიშვილის წინააღმდეგ, არამედ ენმ-სგან დისტანცირებასა და ხმების წართმევაზე გადიოდა.
იმ მრავალმილიონიან დაფინანსებაზეც, რაც მაშინ ასე აქტიურად პიარდებოდა (ამბობენ 40 მილიონიო, ზუსტი თანხა დღემდე უცნობია), თავიდანვე ბევრი კითხვა არსებობდა - ვის ინტერესში იყო ოპოზიციის კიდევ უფრო დაქსაქსვა და ვის აწყობდა მთავარი ოპოზიციური ძალის დასუსტება?
მაგრამ არჩევნების დროს რა ხდებოდა?
„ახლები“ კარდაკარ დადიოდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველთან და ეუბნებოდნენ: „მაინც ერთნი ვართ“; „ჩვენც მიშას პარტია ვართ“.
ახლა კი, როცა სულ უფრო აქტიურად ისმის ალიანსიდან გასვლის და „ლელოსთან“ დაახლოების ამბები, ბევრი რამ კიდევ უფრო ნათელი ხდება.
და მართლა მაინტერესებს - ამდენი პოსტი, ამდენი კრიტიკა და ამდენი „პრინციპულობა” ივანიშვილზე თუ გვინახავს ოდესმე?
სწორედ ეს არის პრობლემა - ქვეყანაში ოლიგარქიული რეჟიმია, მაგრამ ოპოზიციის ნაწილის მთავარი პოლიტიკური ენერგია ისევ ერთმანეთთან ბრძოლაზე იხარჯება.
მოკლედ, ახალი არაფერია. ფოკუსი გასასწორებელია - მთავარი ბრძოლა ოლიგარქიასთანაა და არა ოპოზიციის შიგნით მუდმივ დაპირისპირებასთან“, - წერს ლევან ბეჟაშვილი „ფეისბუქზე“.
ცნობისთვის, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბრალდებულმა ნიკა მელიამ საპატიმროდან წერილი გაავრცელა, სადაც მან მესამე პრეზიდენტზე, მიხეილ სააკაშვილზე ისაუბრა.
როგორც მელია წერს, სადაც სააკაშვილია, იქ ქვეყნის ინტერესი არაა, იქ მხოლოდ კერძო ეგოისტური ინტერესია, რადგან „იგი საკუთარ თავს არაჯანსაღად შეტრფის, მხოლოდ თავის ეგოზე ზრუნვით არის ორსული“.
ამასთან, როგორც მელია წერილში აღნიშნავს, სააკაშვილი ადგილობრივი არჩევნების წინ „საკუთარმა დაუძლეველმა ეჭვიანობამ აიძულა" ჩამოსულიყო.
ნიკა მელიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილისგან მის მისამართით გაუთავებელი ტალახის სროლა და დროდადრო, მის წინააღმდეგ თითქოს ჩადენილ ღალატზე საუბარი, „მხოლოდ და მხოლოდ ემსახურება მისი უცხოეთში გაშვების სანაცვლოდ, ხელისუფლებასთან გარიგებაში შესვლის კონკრეტული ისტორიის გადაფარვის მცდელობას, რომელიც მას ბევრი მიზეზის გამო, დღეს ძალიან აწუხებს".
„სააკაშვილისთვის ტყუილი და უტიფრობა პროზაულია, ამის გარეშე ის აღარ არსებობს, თუმცა, მაინც, იქნებ სიმართლის თქმის ძალა მოიკრიბოს და თავად ალაპარაკდეს მის მიერ დაშვებულ უმძიმეს შეცდომებზე და ადამიანურ სისუსტეებზე, რაც მან მთელი 2022 წლის განმავლობაში დაუშვა და გამოავლინა.
ისიც მოჰყვეს, „იმ კაცს“, რომელსაც არ ასახელებს, მთელი 2022 წლის განმავლობაშიც რა საკითხებზე ეთანამშრომლებოდა.
რატომ იყო „ის კაცი" მისი მოციქული ხელისუფლებასთან 2022 წელს?! ანუ მისი „ვივამედში“ ყოფნის დროსაც! ამ კაცის მეშვეობით რა გარიგება დაიდო ხელისუფლებასთან და 2022 წლის ბოლოს რაში „გადააგდეს“ სააკაშვილი! ამ ძალიან მძიმე დეტალებს ფართო საზოგადოება მაინც შეიტყობს, თანაც კონკრეტული ფაქტებით და აჯობებს თავად დაასახელოს ის კაციც და მისი პარტნიორებიც“, - წერს მელია.