ჯაშუშობის ბრალდებით სუს-მა 2 პირი დააკავა - Palitra News

ჯაშუშობის ბრალდებით სუს-მა 2 პირი დააკავა

2026-05-30 15:35:24+04:00

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დააკავა. სუს-ის ინფორმაციით, დაკავებულს უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების დავალებით ინფორმაციის სისტემურად შეგროვება და გადაცემა ედება ბრალად.

გამოძიების ვერსიით, ბრალდებული საკუთარი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებდა და ჟურნალისტურ, საექსპერტო თუ სხვა პროფესიულ წრეებში არსებული პირადი კონტაქტების გამოყენებით უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებისთვის სადაზვერვო მნიშვნელობის მონაცემებს მოიპოვებდა.

სუს-ის ცნობით, დაკავებულს უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის წარმომადგენლებთან კონსპირაციული და რეგულარული კავშირი ჰქონდა. შეხვედრები დაშიფრული კომუნიკაციის გამოყენებით იგეგმებოდა და წინასწარ შეთანხმებული უსაფრთხოების წესების დაცვით სხვადასხვა ლოკაციაზე იმართებოდა. ინფორმაციის გაცვლა როგორც პირისპირ, ისე ელექტრონული არხებით, დაშიფვრის სხვადასხვა მეთოდით ხორციელდებოდა.

გამოძიება ასევე მიუთითებს, რომ დაკავებული ონლაინ პლატფორმის საფარით მოქმედ სადაზვერვო ქსელს მართავდა, კოორდინაციას უწევდა მის წევრებს, ანაწილებდა მიღებულ თანხებს და შესრულებულ დავალებებს აკონტროლებდა. სუს-ის ინფორმაციით, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების დაფინანსებით იგი პერიოდულად სხვა ქვეყნებშიც გადაადგილდებოდა და იქ არსებული კონტაქტების გამოყენებით დამატებით ინფორმაციას მოიპოვებდა.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 314-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 8-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ორი ქვეყნის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული კიდევ ერთი პირი პრორუსული ორგანიზაცია „ევრაზიის ინსტიტუტის“ დირექტორი, გულბაათ რცხილაძე აღმოჩნდა. გამოძიების ვერსიით, ის წლების განმავლობაში პრორუსული აქტივობებით იყო ცნობილი. მისი ხელმძღვანელობით მოქმედი „ევრაზიის ინსტიტუტი“ რეგულარულად მართავდა საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობებთან დაკავშირებულ ღონისძიებებს. 2024 წელს ორგანიზაციამ ჩაატარა კონფერენცია სახელწოდებით „საქართველოს დაბრუნება რუსეთის იმპერიაში - ისტორიული სიმართლე კონიუნქტურული სიცრუის წინააღმდეგ“.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, რცხილაძის ორგანიზაციას 2020 წლიდან აფინანსებს რუსული „პრავფონდი“, რომელიც აშშ-მა 2023 წელს დაასანქცირა. იმავე ცნობებით, მას საქართველოში 4 ორგანიზაცია აქვს რეგისტრირებული, მათ შორის „ევრაზიის ინსტიტუტი“, „კავკასიური თანამშრომლობა“ და „საქართველოს უკვდავი ჯარი“.

მისი ორგანიზაციები სხვადასხვა ტიპის მსვლელობებს, შეკრებებსა და საგანმანათლებლო აქტივობებს აწყობდნენ. რცხილაძე ასევე ხელმძღვანელობს 9 მაისის „უკვდავი ჯარის“ მსვლელობას. 2008 წელს მან ინტერნეტგამოცემა „პოლიტფორუმიც“ დააფუძნა, რომელიც რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით კრემლის ნარატივს იმეორებდა.