მიხეილ სააკაშვილსა და ნიკა მელიას შორის საჯარო დაპირისპირება კიდევ უფრო გამწვავდა - მხარეებმა ერთმანეთის წინააღმდეგ ახალი პოლიტიკური ბრალდებები გააჟღერეს.
დაპირისპირების ახალი ტალღა ნიკა მელიას წერილს მოჰყვა, რომელიც სააკაშვილის განცხადებების საპასუხოდ გავრცელდა. ყოფილი პრეზიდენტი მელიას ერთ-ერთი საპროტესტო აქციის ჩაშლასა და საკუთარი გათავისუფლების საკითხის უკანა პლანზე გადაწევაში ადანაშაულებდა.
ამასთან, სააკაშვილი კვლავ საუბრობდა უცნობ პირზე, რომელმაც, მისი მტკიცებით, საქართველოში დაბრუნების პროცესში შეცდომაში შეიყვანა და მოგვიანებით მისი მონაცემები ხელისუფლებას გადასცა. თუმცა განმარტავდა, რომ საუბარი არც ერთ მოქმედ პოლიტიკოსს, მათ შორის ნიკა მელიას, არ შეეხებოდა.
საპასუხოდ, მელიამ ყოფილი პრეზიდენტის ბრალდებებს სიცრუე და ცილისწამება უწოდა. მისივე შეფასებით, სააკაშვილის განცხადებებს პირადი და პოლიტიკური მოტივები ახლდა. მელიამ კითხვები დასვა იმ პირის ირგვლივაც, რომელსაც სააკაშვილი საჯაროდ არ ასახელებს და შესაძლო კომუნიკაციაზეც მიანიშნა.