ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო სომხეთის მოსახლეობას ურჩევს, სიფრთხილე გამოიჩინონ და კარგად დაფიქრდნენ განვითარების შემდგომი გზის არჩევისას - ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირთან თუ ევროკავშირთან ერთად.
მისი განცხადებით, სომხეთში ამჟამად ბევრი განცხადება კეთდება 7 ივნისს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით. ამავე მიზეზით, მიმდინარეობს დისკუსიები ქვეყნის ევრაზიული ეკონომიკური კავშირიდან შესაძლო გასვლისა და ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ. ლუკაშენკო განმარტავს, რომ ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ლიდერებმა ასტანაში გამართული სამიტის შემდეგ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს ამ საკითხთან დაკავშირებით, სადაც სომხეთში შესაბამისი რეფერენდუმის ჩატარების მოწოდებით გამოვიდნენ.
„სომხებმა ძალიან ფრთხილად უნდა იმოქმედონ, რათა, ღმერთმა ნუ ქნას, არ განმეორდეს ის, რაც უკრაინაში მოხდა. უკრაინაში ყველაფერი სწორედ ასე დაიწყო. ეს თქვენ გახსოვთ. საჭიროა, რომ სომხები, რომლებიც სულ ახლახან გამოვიდნენ ერთი ომიდან, ამასთან დაკავშირებით მძიმე ვითარებაში არ აღმოჩნდნენ. არ უნდა იჩქარონ. უბრალოდ უნდა დაფიქრდნენ და სიბრძნე გამოიჩინონ. ასეთი ნაბიჯის გადადგმამდე სომეხი ხალხი ძალიან სერიოზულად უნდა დაფიქრდეს. მხოლოდ ამისკენ მოვუწოდებ მათ. თუ ხალხი გამოთქვამს თავის აზრს, ჩვენ მას დავეთანხმებით“, - აღნიშნა ლუკაშენკომ.