დღეიდან, 1-ელი ივნისიდან შინაგან საქმეთა სამინისტროში საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის, შეურაცხმყოფელი კამპანიისა და აგრესიული კომუნიკაციის სისტემური მონიტორინგის სამმართველო ამოქმედდება.
აღნიშნული სამმართველოს ფუნქცია, საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის, შეურაცხმყოფელი კამპანიებისა და აგრესიული კომუნიკაციის სისტემური მონიტორინგი და სამართლებრივი რეაგირება იქნება. ახალ სამმართველოს რეაგირებისთვის მოქალაქის საჩივარი და მიმართვა არ დასჭირდება, გამოვლენილ შემთხვევებზე კი შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება იქნება და საჭიროების შემთხვევაში საქმის სასამართლოსთვის გადაცემა მოხდება.
სიძულვილის ენის, შეურაცხმყოფელი კამპანიისა და აგრესიული კომუნიკაციის სისტემური მონიტორინგის სამმართველოს შექმნის შესახებ, 18 მაისს, ვიცე-პრემიერმა, სამართალდამცავი სტრუქტურების კოორდინაციის საკითხებში, სახელმწიფო მინისტრმა, მამუკა მდინარაძემ დააანონსა.
"პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული სამმართველო იმოქმედებს პროაქტიულ რეჟიმში და რეაგირება არ იქნება დამოკიდებული მხოლოდ მოქალაქის საჩივარზე. უწყება თავად განახორციელებს მონიტორინგის მომზადებას, შესაბამის სამართლებრივ შეფასებას და საჭიროების შემთხვევაში, თავად გადააგზავნის მასალებს სასამართლოში. დემოკრატიული სახელმწიფოსთვის აუცილებელია აზრთა სხვადასხვაობა და კრიტიკული დისკუსია, პარალელურად არსებობს მინიმალური სტანდარტები, რომლებზეც საზოგადოება უნდა თანხმდებოდეს, მათ შორის, ერთმანეთის მიმართ პატივისცემა და იმ ტიპის კომუნიკაციის მიუღებლობა, რომელიც მტრობას, შუღლს, საზოგადოებრივ დაძაბულობას და უკიდურეს პოლარიზაციას აღვივებს. ამ მიმართულებით უკვე გვაქვს პარლამენტის მიერ მიღებული შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა, თუმცა, მხოლოდ კანონმდებლობა საკმარისი არ არის და მის ეფექტურ და თანმიმდევრულ აღსრულებას ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს. ამიტომ, ვაძლიერებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს ინსტიტუციურ შესაძლებლობებს - ახალი სამმართველო უზრუნველყოფს მუდმივ მონიტორინგს და კანონით გათვალისწინებული მექანიზმების ეფექტიან გამოყენებას. სახელმწიფო ვალდებულია, დაიცვას საზოგადოებრივი სივრცე დესტრუქციული და ხელოვნურად გაღრმავებული პოლარიზაციისგან. შესაბამისად, საქართველოს სამართალდამცავი სისტემა უზრუნველყოფს ისეთი სტანდარტებისა და წესების დამკვიდრებას, რომლებიც გააძლიერებს საზოგადოებრივ სტაბილურობას, ურთიერთპატივისცემას და პასუხისმგებლობიან საჯარო კომუნიკაციას“, - განაცხადა სამართალდამცავი უწყებების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, მამუკა მდინარაძემ, 18 მაისს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.