ახლო აღმოსავლეთში ვითარება უცვლელია - ჰორმუზის სრუტე დახურული რჩება. აშშ-სა და ირანს შორის დიპლომატიური მცდელობები კი გრძელდება. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ ვიდრე აშშ-სა ირანს შორის მოლაპარაკებები არ დასრულდება, ყველაფერი სპეკულაციაა. აბას არაღჩის თქმით, ამჟამად მხარეებს შორის დიალოგი და შეტყობინებების გაცვლა მიმდინარეობს. ამ ფონზე კი მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ირანის პრეზიდენტმა, ირანის უზენაესი ლიდერის ოფისს გადადგომის შესახებ წერილი გაუგზავნა.ანონიმური ოფიციალური პირის თქმით, წერილში ხაზგასმულია, რომ ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა“, ფაქტობრივად, ქვეყნის მართვის დიდი ნაწილი საკუთარ ხელში აიღო. მისივე განცხადებით, პრეზიდენტი და სხვა მაღალი თანამდებობის პირები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების პროცესს ჩამოშორებული არიან. ამავდროულად, ისრაელი აგრძელებს სამხედრო მოქმედებებს - ისრაელის არმიაში აცხადებენ, რომ ცეცხლის შეწყვეტის ამოქმედების შემდეგ მათ დაჯგუფება „ჰეზბოლას“ 900 წევრი მოკლეს. არმიის განცხადებით, დაჯგუფების წევრები ისრაელსა და მის მოქალაქეებს საფრთხეს უქმნიდნენ. მათივე ცნობით, დღეს ისრაელის არმიამ „ჰეზბოლას“ კიდევ ათობით ობიექტი დაბომბა.