გურამ მაჭარაშვილი - გერმანიის ელჩი დღეს არ ასრულებს დიპლომატის ფუნქციას, ის ასრულებს ჩვეულებრივი რადიკალი ოპოზიციონერის ფუნქციას - Palitra News

გურამ მაჭარაშვილი - გერმანიის ელჩი დღეს არ ასრულებს დიპლომატის ფუნქციას, ის ასრულებს ჩვეულებრივი რადიკალი ოპოზიციონერის ფუნქციას

2026-06-01 13:28:54+04:00

გერმანიის ელჩი დღეს არ ასრულებს დიპლომატის ფუნქციას, ის ასრულებს ჩვეულებრივი რადიკალი ოპოზიციონერის ფუნქციას, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

მისივე თქმით, გერმანიის ელჩი პირდაპირ ესხმის თავს ქართულ სახელმწიფოს, ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას და სახელმწიფო ინსტიტუტებს.

„ფიშერის განცხადებები არ არის კრიტიკული. ის პირდაპირ ესხმის თავს და შეურაცხყოფას აყენებს ქართულ სახელმწიფოს, ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას, სახელმწიფო ინსტიტუტებს. ის გადის დიპლომატიური ჩარჩოდან. დიდი ხანია, ის გასულია დიპლომატიური ჩარჩოდან, როდესაც ის აკრიტიკებს ხელისუფლებას, რაც მისი საქმე არ არის, ერევა პოლიტიკაში, რაც, ასევე, მის ფუნქციებში არ შედის.

კითხვა მაქვს ბატონ ფიშერთან - როგორ გონია გერმანიას, ვინ არის დღეს საქართველოს პრეზიდენტი?! აბა, გადახედოს საიტს. სალომე ზურაბიშვილის მიმართ ხომ არ აქვს პრეტენზიები?! რამდენადაც ვიცი, ისევ ზურაბიშვილი ჰყავს გერმანიას საიტზე როგორც პრეზიდენტი და ვის მიმართ აქვს კითხვები?! დღევანდელი პრეზიდენტის, ყაველაშვილის მიმართ თუ ზურაბიშვილის მიმართ?! ბატონო ელჩო, გადახედეთ, აბა, ვინ გყავთ პრეზიდენტად, ანუ ვის მიმართ გაქვთ პრეტენზიები?! თუ თქვენი აზრით, დღეს ისევ ზურაბიშვილია პრეზიდენტი, მაშინ ზურაბიშვილს მოვკითხოთ ყველამ ერთად თქვენი პრეტენზიები და თუ აღიარებთ, რომ დღეს არის ყაველაშვილი პრეზიდენტი, მაშინ თქვენს საიტზე ისევ ზურაბიშვილი რატომ არის?! აი, ასე ემართება ყველა იმ ადამიანს, გნებავთ ეს დიპლომატი იყოს, პოლიტიკოსი თუ არაპოლიტიკოსი, რომელიც არ ასრულებს თავის ფუნქციებს და უხეშად ერევა სხვა სახელმწიფოს საქმეებში.

სამწუხაროა, მაგრამ გერმანიის ელჩი დღეს არ ასრულებს დიპლომატის ფუნქციას, ის ასრულებს ჩვეულებრივი რადიკალი ოპოზიციონერის ფუნქციას. როგორ შევყვეთ ახლა?!“ - განაცხადა მაჭარაშვილმა.

ცნობისთვის, გერმანიის ელჩმა, პეტერ ფიშერმა აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები მივიდნენ დასკვნამდე, რომ არ სურთ ევროკავშირში გაწევრიანება, თუმცა, მათ არ შეუძლიათ ეს მოსახლეობას უთხრან. "ეს არის ჩემი ერთგვარი დასკვნა საქართველოზე, აქ ოთხწლიანი მუშაობის შემდეგ: ვფიქრობ, ისინი, ვინც საქართველოში ძალაუფლებაში არიან, მივიდნენ დასკვნამდე, რომ არ სურთ ევროკავშირში გაწევრიანება, რომ ეს არ არის მათ ინტერესში, თუმცა, მათ არ შეუძლიათ ეს უთხრან მოსახლეობას. ისინი არ არიან გულწრფელები და პატიოსნები თავიანთ მოსახლეობასთან, ვინაიდან მოსახლეობა კვლავაც ოცნებობს ევროპაზე, ძალიან მნიშვნელოვანი მიზეზების გამო," - განაცხადა ელჩმა "რადიო თავისუფლებასთან" ინტერვიუში.