საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერება გახდა თბილისში გამართული მაღალი დონის შეხვედრების მთავარი თემა. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა აზერბაიჯანელ კოლეგას, გენერალ-პოლკოვნიკ ზაქირ ჰასანოვს, ოფიციალურად უმასპინძლა.
თავდაცვის სამინისტროში გამართული დახვედრის ცერემონიის შემდეგ მხარეებმა ორმხრივი, რეგიონული და საერთაშორისო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. მინისტრების პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში გამართულ შეხვედრებზე განსაკუთრებული ყურადღება სამხედრო განათლებას, სოციალურ და ფსიქოლოგიურ მხარდაჭერას, ასევე მრავალეროვნულ სწავლებებში ერთობლივ მონაწილეობას დაეთმო.
ირაკლი ჩიქოვანმა აზერბაიჯანის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა აღნიშნა და პარტნიორ ქვეყანას ანალოგიური მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურა. საუბარი შეეხო სამხრეთ კავკასიაში სტაბილური განვითარების მნიშვნელობასა და საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატსაც.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში აზერბაიჯანის დელეგაციამ გმირთა მემორიალი და ჰეიდარ ალიევის ძეგლიც გვირგვინით შეამკო.