არსებული ინფორმაციით, ბოლნისში 42 წლის ქალმა მცირეწლოვან შვილს დაზიანება მაკრატლით, გულის არეში მიაყენა. ამის შესახებ ინფორმაციას „ტვ პირველს“ ადგილობრივები აწვდიან.
მათი ინფორმაციით, შემთხვევის დროს სახლში სხვა მცირეწლოვანი ბავშვებიც იმყოფებოდნენ.
„წუხელ ღამე გავიგეთ, რომ ჩვენმა მეზობელმა, სვეტლანამ, მაკრატლით შვილი მოკლა. სახლში მოკლული ბავშვის გარდა, მისი მცირეწლოვანი შვილებიც იმყოფებოდნენ. მე როგორც გავიგე, მათ თვალწინ სამზარეულოდან მაკრატელი აიღო და 8 წლის ფარუხის გულში ჩაარტყა“, - განაცხადა ერთ-ერთმა ადგილობრივმა.
კიდევ ერთი ადგილობრივის თქმით, საუბრობენ იმაზე, რომ ბრალდებულს ფსიქიკური პრობლემები აქვს.
„ამბობენ, რომ ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა, თუმცა პირადად მე მსგავსი არაფერი შემიმჩნევია. ძალიან კარგი ბავშვი იყო, არ ვიცი, რატომ მოკლა. ღამით რომ მივედით, გვითხრეს, რომ ბავშვს გულში მაკრატელი ჩაარტყა, შემდეგ კი, როგორც გვითხრეს, დედამ თვითმკვლელობა სცადა და საკუთარ თავს დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა“, - განაცხადა ადგილობრივმა.
შეგახსენებთ, შსს-ს ინფორმაციით, ქალი დაკავებულია. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ. ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, ქალს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა.