გორში სამართალდამცველების მხრიდან ძალადობის მსხვერპლმა, პაპუნა ლოცულაშვილმა პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა დღეს დატოვა და ამ საქმეზე ახალი შეფასებები უკვე გაკეთდა როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის მხრიდან.
ლოცულაშვილს ინციდენტის დეტალებზე მანამდე ჰქონდა საუბარი, თუმცა მოგვიანებით გავრცელებულ წერილში მან, გარკვეულ ჯგუფებს, მოუწოდა, რომ პოლიტიკური და სხვა ინტერესებისთვის ამ საკითხის გამოყენებისგან თავი შეიკავონ.
მომხდართან დაკავშირებით პირველი კომენტარი გააკეთა შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა. მისი განმარტებით, მოქალაქეებზე სამართალდამცველთა მხრიდან ფიზიკური ძალადობის ბრძანება არ გაცემულა და ფაქტი სპონტანურად განვითარდა.
ოპოზიცია ამ შეფასებას არ ეთანხმება და მიიჩნევს, რომ საქმე ერთჯერად სპონტანურ შემთხვევაზე ბევრად მძიმე სურათს აჩვენებს, რაც ძალადობრივი პრაქტიკის წახალისებასა და მფარველობაზე მიუთითებს.