გიორგი ანთაძე - წარმოუდგენელი განცხადებაა მდინარაძისგან, თუ დანაშაულია, რას ნიშნავს გაფრთხილება? ჯაშუშობა იმდენად მძიმე დანაშაულია, როგორ შეიძლება აპატიო, თუნდაც, ერთი მცდელობა? - ამ ბრალდებებს უნდა დამტკიცება - Palitra News

გიორგი ანთაძე - წარმოუდგენელი განცხადებაა მდინარაძისგან, თუ დანაშაულია, რას ნიშნავს გაფრთხილება? ჯაშუშობა იმდენად მძიმე დანაშაულია, როგორ შეიძლება აპატიო, თუნდაც, ერთი მცდელობა? - ამ ბრალდებებს უნდა დამტკიცება

2026-06-01 22:45:11+04:00

წარმოუდგენელი ფორმულირება და გაუგებარი განცხადებაა, მითუმეტეს, ასეთი თანამდებობის ადამიანისგან [მამუკა მდინარაძე] . თუ დანაშაულია, რას ნიშნავს სიტყვიერი გაფრთხილება ან ირიბი გაფრთხილება? - ამის შესახებ „ჯერ საქართველოს“ თანადამფუძნებელმა და „ჯეოქეისის“ თავდაცვის და უსაფრთხოების მიმართულების მკვლევარმა, გიორგი ანთაძემ განაცხადა, რითაც შეაფასა სახელმწიფო მინისტრის სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში მამუკა მდინარაძის განცხადება, რომლის თანახმადაც, ე.წ. ჯაშუშების საქმეზე სუს-მა ორი დღის წინ მხოლოდ ის პირები დააკავა, რომლებმაც, მისი თქმით, „გაფრთხილების მიუხედავად, წინა დაკავებების შემდეგაც არ შეწყვიტეს გარკვეული მოძრაობები ამ მიმართულებით“.

როგორც ანთაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში “360 გრადუსი“ აღნიშნა, მსგავსი საქმეების საჯაროდ გახმაურება საერთაშორისო პრაქტიკაში იშვიათია, რადგან ასეთი ტიპის საქმეები ხშირად სპეცსამსახურების მუშაობის ნაწილს წარმოადგენს და ზოგ შემთხვევაში სახელმწიფოებს შორის ურთიერთობებშიც გამოიყენება.

ჯაშუშობა იმდენად მძიმე დანაშაულია, თუ გაქვს მტკიცებულება როგორ შეიძლება ვიღაცას აპატიო, თუნდაც, ერთი მცდელობა. დავუშვათ, დაეჯერებინათ და სიგნალად მიეღოთ წინა დაკავებები, არ უნდა დაესაჯათ ეს ხალი თუ დანაშაულს ჩადიოდნენ? სად არის აქ სახელმწიფო ინტერესები?!

სხვა საკითხია ის, რომ ასეთი ტიპის „ნადირობა“ არ ხმაურდება ხოლმე. რადგან ეს იმდენად მნიშვნელოვანია რესურსია, რომელიც ხშირ შემთხვევაში ქვეყნებს შორის გაცვლებისთვისაც გამოიყენება. ახლა რატომ ხდება ასე, ასეთ გარემოებაში, რას ემსახურება რთული სათქმელია. მე ორი ვერსია მაქვს: ერთი, ორიენტირებულია საგარეო ფაქტორზე, მეორე შიდა პოლიტიკურია.

კიდევ ერთი ვერსიაა, აშშ-ს საელჩოს დღევანდელი განცხადება, სადაც ნათქვამია ურთიერთობების აღდგენაზე, პირობებზე და ურთიერთობების გადახედვაზე. ბოლო თვეებში ამ საკითხთან დაკავშირებით რა ინფორმაციაც ვრცელდება, რჩება შთაბეჭდილება, რომ აშშ-ი კარგად ხედავს რომელი სახელმწიფოს აქტორები არიან გააქტიურებულები საქართველოში. აშშ-თვის გარკვეული დადასტურება იყოს, რომ ჩვენ ვმუშაობთ ანტიამერიკული ინტერესების გამტარებელი აქტორების ნეიტრალიზაციაზე. როგორც ვერსია ესეც უნდა განვიხილოთ“,- აცხადებს ანთაძე.

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, სახელმწიფო მინისტრმა სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა "წარმატებული ოპერაციის შედეგად" ჯაშუშობის ბრალდებით ორი პირი დააკავა, რომელთაგან ერთს ბრალი ორი სხვადასხვა სახელმწიფოს სასარგებლოდ ინფორმაციის მოპოვებაში ედება, ხოლო მეორე უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის "რეზიდენტობასა და სადაზვერვო ქსელის ლიდერობაშია" მხილებული.

მდინარაძემ აღნიშნა, რომ დაკავებულებმა გაფრთხილებების მიუხედავად მაინც განაგრძეს საქმიანობა.

"ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ, რომ ორი დღის წინ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა მხოლოდ ის ადამიანები, რომლებმაც მიუხედავად გაფრთხილებისა, წინა დაკავებების შემდგომაც არ შეწყვიტეს გარკვეული მოძრაობები ხსენებული მიმართულებით. იმედია, ამ შემთხვევაში მაინც იქნება სწორი დასკვნები გამოტანილი შესაბამისი სამსახურების თუ კონკრეტული პირების მხრიდან", - აღნიშნა მდინარაძემ.

ანთაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისი უწყებების მიერ ბრალდებების შემთხვევაში წარმოდგენილი იყოს მაღალი ხარისხის მტკიცებულებები.

„ძალიან მნიშვნელოვანია მტკიცებულებების მაღალი ხარისხი აჩვენონ. თუ არის დანაშაული, ბუნებრივია, სამშობლოს ღალატი, სამშობლოს ღალატია. ინდულგენციას არ წარმოადგენს, თუნდაც ევროკავშირის სახელმწიფო იყოს, რომ საქართველოში მსგავსი ტიპის საქმიანობას ეწეოდეს. ამ ყველაფერს უნდა დამტკიცება“,- აცხადებს ანთაძე.