ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან შეხვედრების დასრულების შემდეგ, ამერიკის საელჩო საქართველოში განცხადებას ავრცელებს. როგორც საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, დელეგაციამ საქართველოს მთავრობას მასთან კონსტრუქციულ, მომავალზე ორიენტირებულ ურთიერთობასთან დაკავშირებით ტრამპის ადმინისტრაციის მზადყოფნა გაუზიარა. ინფორმაციის მიხედვით, შეერთებული შტატები ელის საქართველოს მთავრობასთან მუშაობას ისეთი პარტნიორობისთვის, რომელიც ორივე ქვეყანას ხელშესახებ სარგებელს მოუტანს და სრულად აამოქმედებს ორმხრივი ურთიერთობის პოტენციალს. ოპოზიციური პარტიების შეფასებით, ეს ნიშნავს რომ ამერიკა თანამშრომლობით დაინტერესებულია, თუმცა მათივე თქმით, ქართული ოცნება ვერ უზრუნველყოფს შტატების მთავარი მოთხოვნებისა და კრიტერიუმების დაკმაყოფილებას, რაც პირველყოვლისა, დაკავებული მოქალეების გათავისუფლებასა და ხელახალი არჩევნების ჩანიშვნას გულისხმობს.