უკრაინული მედიის ცნობით, რუსულმა ძალებმა კიევზე სარაკეტო და დრონებით შეტევა განახორციელეს. კიევის საქალაქო-სამხედროადმინისტრაციის ცნობით, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, ერთი ადამიანი დაიღუპა და 20 დაშავდა. თავდასხმის შედეგად ქალაქში რამდენიმე ადგილას ხანძარი გაჩნდა, დაზიანდა შენობები და ავტომობილები. კიევის მერის განცხადებით, დედაქალაქის რამდენიმე რაიონში ელექტროენერგიის გათიშვა დაფიქსირდა. უკრაინული მედიის ცნობით, რუსებმა შეტევა განახორციელეს დნიპროზეც, რის შედეგად, ოთხი ადამიანი დაიღუპა და 16 დაშავდა. რუსეთ-უკრაინის სამხედრო კონფლიქტს უკრაინის პრეზიდენტი ეხმაურება და აცხადებს, რომ რუსეთმა ახალი ფართომასშტაბიანი დარტყმისთვის მზადება უკვე დაასრულა. ზელენსკის განცხადებით, მიმდინარე წლის იანვრიდან მაისის ჩათვლით უკრაინულმა ძალებმა რუსეთის 15 ნავთობგადამამუშავებელ საწარმოს დაარტყეს. როგორც ზელენსკიმ ყოველდღიური მიმართვისას აღნიშნა, უკრაინის სამხედროებს შეუძლიათ, მიაღწიონ რუსული ლოგისტიკური ქსელის პრაქტიკულად ყველა მნიშვნელოვან მონაკვეთს.