რუსეთის მიერ უკრაინაზე ღამით განხორციელებული საშინელი თავდასხმის ერთადერთი მიზეზი, რომლის დროსაც სულ მცირე 12 ადამიანი, მათ შორის ბავშვები, დაიღუპა და ასობით მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა, არის ის, რომ პუტინი ომის დამნაშავე და ხელმოცარულია, რომელსაც ტერორის გარდა სხვა „კოზირი“ არ გააჩნია, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, უკრაინის პარტნიორებმა კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადადგან რუსეთის ტერორის შესაჩერებლად.
„შეგვიძლია შევცვალოთ რუსეთის უნარი, გააგრძელოს ტერორი. მოვუწოდებ პარტნიორებს, იმოქმედონ და არა მხოლოდ დაგმონ. არსებობს კონკრეტული ნაბიჯები, რომელთა გადადგმაც შესაძლებელია. პირველი - გამოიყენეთ განბლოკილი ევროპული მშვიდობის ფონდი PURL პროგრამის დასაფინანსებლად და უკრაინისთვის Patriot-ის დამატებითი სისტემებისა და რაკეტების შესაძენად. განავითარეთ ანტიბალისტიკური კოალიცია. გაზარდეთ ინვესტიციები უკრაინის შორ მანძილზე მოქმედ შესაძლებლობებში. მეორე - გაზარდეთ ზეწოლა რუსეთზე ახალი სანქციების, მებრძოლებისთვის მოგზაურობის აკრძალვის, გაყინული აქტივების სრული გამოყენებისა და იზოლაციის გზით. მესამე - გადადგით დიდი ხნის ნანატრი სტრატეგიული ნაბიჯები, როგორიცაა უკრაინისთვის ევროკავშირის მოლაპარაკებების კლასტერების გახსნა“, - წერს სიბიგა.
მისი თქმით, მოსკოვში უნდა გააცნობიერონ, რომ სასტიკი თავდასხმები ვერაფერს მოუტანს მათ.
„მოსკოვში ტერორისტებმა უნდა გააცნობიერონ, რომ სასტიკი თავდასხმები ვერაფერს მოუტანს მათ, რომ მათი რეჟიმის ქმედებებისთვის კიდევ უფრო დიდი ფასის გადახდა მოუწევთ, რომ პუტინისთვის ერთადერთი გამოსავალი ამ ომის დაუყოვნებლივ დასრულებაა. სამშვიდობო მცდელობები მხოლოდ მაშინ იქნება წარმატებული, როდესაც ისინი მოსკოვზე რეალური ზეწოლით იქნება განმტკიცებული“, - წერს სიბიგა.