მიხეილ სააკაშვილსა და ნიკა მელიას შორის დაპირისპირება გრძელდება. პოლემიკაში ამჯერად ნიკანორ მელიას მამაც ჩაერთო, რომელმაც საქართველოს მესამე პრეზიდენტს ცრუ ბრალდებების გავრცელებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა. სააკაშვილი ნიკა მელიას ღალატში ადანაშაულებს, ხოლო მელია ექსპრეზიდენტს ეჭვიანობაში სდებს ბრალს. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი და მოქმედი ლიდერების დაპირისპირება უკვე რამდენიმე თვეა გრძელდება, თუმცა მელიას განსაკუთრებული უკმაყოფილება სააკაშვილის ბოლო განცხადებებმა გამოიწვია. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, სააკაშვილმა დაასახელოს ის პირი, რომელიც საქართველოში ჩამოსვლამდე კონფიდენციალურ ინფორმაციას აწვდიდა, ასევე ისაუბროს 2021-2022 წლებში „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებთან შესაძლო გარიგების მცდელობის შესახებ.
ოპოზიციური სპექტრის ნაწილი მიიჩნევს, რომ სააკაშვილსა და მელიას შორის არსებული უთანხმოება ოპოზიციურ ერთობასა და თანამშრომლობის პერსპექტივებს აზიანებს. ნაწილი კი აცხადებს, რომ საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, პოლიტიკოსებმა საჯაროდ გავრცელებულ ბრალდებებსა და განცხადებებზე კონკრეტული მტკიცებულებებითა და დეტალური განმარტებებით უნდა ისაუბრონ.