უკრაინული მედია უპილოტო სისტემების 422-ე ცალკეულ პოლკზე დაყრდნობით ინფორმაციას ავრცელებს. მედიის თანახმად, უკრაინის შეიარაღებული ძალების უპილოტო სისტემების ძალების სამხედრო ნაწილები თავს დაესხნენ რუსულ სატვირთო გემ „ლეონიდ პესტრიკოვს“, რომელიც დროებით ოკუპირებული ბერდიანსკის პორტში იმყოფებოდა. მათივე ცნობით, გემი მნიშვნელოვნად დაზიანდა. უპილოტო სისტემების ძალების დრონებმა რუსეთის ქალაქ ტაგანროგში, ჩრდილოვანი ფლოტის ტანკერსა და ნავთობბაზას, ასევე ოკუპირებულ ფეოდოსიაში, ყირიმში, საზღვაო ნავთობის ტერმინალს შეუტიეს. რუსულ აგრესიას უკრაინის პრეზიდენტი ეხმაურება და აცხადებს, რომ რუსეთმა ახალი ფართომასშტაბიანი დარტყმისთვის მზადება უკვე დაასრულა. ზელენსკის განცხადებით, მიმდინარე წლის იანვრიდან მაისის ჩათვლით უკრაინულმა ძალებმა რუსეთის 15 ნავთობგადამამუშავებელ საწარმოს დაარტყეს.