პრემიერის ანგარიში - ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების მიზნით, უპილოტო და კონტრუპილოტო სისტემების განვითარების სამმართველო და შესაბამისი სასწავლო-კვლევითი სკოლა შეიქმნა - Palitra News

პრემიერის ანგარიში - ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების მიზნით, უპილოტო და კონტრუპილოტო სისტემების განვითარების სამმართველო და შესაბამისი სასწავლო-კვლევითი სკოლა შეიქმნა

2026-06-02 13:06:04+04:00

პრემიერ-მინისტრის ინფორმაციით, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების მიზნით, უპილოტო და კონტრუპილოტო სისტემების ინტეგრირებისა და განვითარების მასშტაბური პროექტი მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც უპილოტო და კონტრუპილოტო სისტემების განვითარების სამმართველო და ასევე, შესაბამისი სასწავლო-კვლევითი სკოლა შეიქმნა.

ირაკლი კობახიძე პარლამენტში წარდგენილ ყოველწლიურ მოხსენებაში წერს, რომ ბრძოლის ველზე თავდაცვის ძალების დაცული, მდგრადი და ეფექტიანი მართვისა და კონტროლის, ასევე კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემებით მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად, მიმდინარეობს ქვედანაყოფების აღჭურვის პროცესი თანამედროვე რადიოსისტემებით. მთავრობის ანგარიშის თანახმად, უწყვეტ რეჟიმში გრძელდებოდა ქვედანაყოფების დაკომპლექტება კავშირგაბმულობის სპეციალური მანქანებითა და ტაქტიკური რადიოსადგურებით.

საანგარიშო პერიოდში საქართველოს თავდაცვის ძალებმა მიიღო როგორც სატვირთო, ასევე მსუბუქი მაღალი გამავლობის სატრანსპორტო საშუალებები, რაც ანგარიშის თანახმად, მნიშვნელოვნად აძლიერებს სამანევრო ქვედანაყოფების სწრაფი გადაადგილებისა და მობილობის შესაძლებლობებს.

პრემიერ-მინისტრის მოხსენებაში ნათქვამია, რომ თავდაცვის სამინისტროს საავიაციო პარკის აღდგენის პროცესის ფარგლებში, საფრენი აპარატების აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობდა. მოდერნიზება ჩაუტარდა სასწავლო-სატრანსპორტო საფრენ აპარატებს, ასევე გარემონტა შვეულმფრენები და სხვა საფრენი აპარატები.