ლევან ბეჟაშვილი - დასავლელ პარტნიორებთან ვითომ ურთიერთობების დალაგების მცდელობა მხოლოდ საზოგადოების თვალის ასახვევად არის განკუთვნილი, „ოცნების“ მთავარი ამოცანაა ევროკავშირის დისკრედიტაცია, ქვეყნის ევროპული განვითარების პერსპექტივების ჩახშობა - Palitra News

ლევან ბეჟაშვილი - დასავლელ პარტნიორებთან ვითომ ურთიერთობების დალაგების მცდელობა მხოლოდ საზოგადოების თვალის ასახვევად არის განკუთვნილი, „ოცნების“ მთავარი ამოცანაა ევროკავშირის დისკრედიტაცია, ქვეყნის ევროპული განვითარების პერსპექტივების ჩახშობა

2026-06-02 13:25:43+04:00

„ქართული ოცნება“ აგრძელებს ბულინგისა და ბრალდებების კამპანიას ჩვენი დასავლელი ქვეყნების საელჩოების და წარმომადგენლების წინააღმდეგ, - ასე შეაფასა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ბეჟაშვილმა ხელისუფლების მიერ გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის მიმართ გაკეთებული კრიტიკული განცხადებები.

როგორც ბეჟაშვილმა მედიას განუცხადა, ხელისუფლება პუტინის რეჟიმის ერთგულია და ევროკავშირში გაწევრიანება არ სურთ.

„არაერთხელ მოგვისმენია, მათ შორის ელჩების, ეუთო-ს ხელმძღვანელების, საგარეო საქმეთა მინისტრების წინააღმდეგ გაკეთებული ანალოგიური განცხადებები. ეს კიდევ ერთი დასტურია, რომ მათი მთავარი ამოცანა არ არის ევროკავშირთან დაახლოება, ევროკავშირში შესვლა და ქვეყნის ამ მიმართულებით განვითარება. ისინი მუდმივად ზღვარს ავლებენ იმისთვის, რათა რუსეთის ფედერაციაში თავიანთ პატრონებს აჩვენონ, რომ ერთგულები არიან პუტინის რეჟიმის და ევროკავშირის გაწევრიანება არ სურთ. ეს არის თამაშები. ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან, ვითომ ურთიერთობების დალაგების მცდელობები მხოლოდ საზოგადოების თვალის ასახვევად არის განკუთვნილი, თუმცა მათ მთავარი ამოცანა არის ევროკავშირისა და მათი წარმომადგენლების დისკრედიტაცია, ქვეყნის ევროპული განვითარების და პერსპექტივების ჩახშობა, ამაში ხედავენ ისინი ხელისუფლები შენარჩუნებას“, - განაცხადა ბეჟაშვილმა.

ცნობისთვის, გერმანიის ელჩმა, პეტერ ფიშერმა აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები მივიდნენ დასკვნამდე, რომ არ სურთ ევროკავშირში გაწევრიანება, თუმცა, მათ არ შეუძლიათ ეს მოსახლეობას უთხრან. „ეს არის ჩემი ერთგვარი დასკვნა საქართველოზე, აქ ოთხწლიანი მუშაობის შემდეგ: ვფიქრობ, ისინი, ვინც საქართველოში ძალაუფლებაში არიან, მივიდნენ დასკვნამდე, რომ არ სურთ ევროკავშირში გაწევრიანება, რომ ეს არ არის მათ ინტერესში, თუმცა, მათ არ შეუძლიათ ეს უთხრან მოსახლეობას. ისინი არ არიან გულწრფელები და პატიოსნები თავიანთ მოსახლეობასთან, ვინაიდან მოსახლეობა კვლავაც ოცნებობს ევროპაზე, ძალიან მნიშვნელოვანი მიზეზების გამო," - განაცხადა ელჩმა "რადიო თავისუფლებასთან" ინტერვიუში. მის განცხადებას მმართველ გუნდში აკრიტიკებენ. სახელმწიფო მინისტრის მამუკა მდინარაძის თქმით, გერმანიის ელჩი ვერა და ვერ მიხვდა, როგორ უნდა ესაუბროს ქართველ ხალხს, ქართულ სახელმწიფოს და მის არჩევანს.