სვანეთში, ელექტროენერგიის მიმართულებით გამრიცხველიანების პროცესი იწყება - Palitra News

სვანეთში, ელექტროენერგიის მიმართულებით გამრიცხველიანების პროცესი იწყება

2026-06-02 13:53:15+04:00

სვანეთში, ელექტროენერგიის მიმართულებით გამრიცხველიანების პროცესი იწყება. შესაბამისი განცხადება გუშინ მთავრობის ადმინისტრაციაში გაკეთდა, სადაც ითქვა, რომ გამრიცხველიანების მიზანი, მესტიის მუნიციპალიტეტში უკანონო კრიპტომაინინგის აღმოფხვრაა. ხელისუფლებამ აღიარა პრობლემა, რომელზეც წლებია უკვე დამოუკიდებელი ექსპერტები საუბრობენ და დაადასტურა, რომ უკანონო კრიპტომაინინგის გამო ელექტროხაზები მუდმივად გადატვირთულია, დიდი რაოდენობით ელექტროენერგიის უკანონო მოხმარება კი მნიშვნელოვნად აზარალებს, როგორც ქვეყნის ენერგეტიკას ასევე მესტიის ადგილობრივ მოსახლეობას და კერძო სექტორს, უარესდება მიწოდების ხარისხი ქსელისა და გადამცემი ხაზების გადატვირთულობის გამო, რის გამოც ხდება ავარიული გამორთვები, რაც ასევე ნეგატიურად აისახება ტურიზმზე. ამავე განცხადებიდან გავიგეთ, რომ მაგალითად გასულ წელს ელექტროენერგიის მოხმარებამ მესტიის მუნიციპალიტეტში 133 მილიონიო კილოვატ/საათი შეადგინა. მაშინ, როცა მსგავსი მასშტაბის მუნიციპალიტეტისთვის ეს მაჩვენებელი 10 მილიონ კილოვატ/საათს არ აღემატება. სწორედ ეს კოლოსალური სხვაობა ცხადყოფს, რომ სულ ცოტა 20-25 მილიონი ლარის ყოველწლიურ ზარალთან გვაქვს საქმე, რომელიც დამატებით ფინანსურ ტვირთად აწვება ელექტროენერგიის საფასურის გადამხდელ ყველა მოქალაქეს და ყოველთვიურად, თითოეულ აბონენტს დაახლოებით 1,5 ლარის დამატებით გადახდა უწევს. თუმცა, აქვე ითქვა, რომ ელექტროენერგია სვანეთში კვლავ იქნება უფასო თითოეული აბონენტისთვის, საჭირო მაქსიმალური რაოდენობის ფარგლებში, ხოლო დადგენილი ლიმიტის ზემოთ კი შესაბამისი ტარიფი დაწესდება. როგორც ძალოვანი უწყებების მაკოორდინირებელი მინისტრისგან გავიგეთ, სამართალდამცველებს უკვე დაევალათ ამ პროცესის მაქსიმალური ხელშეწყობა და კონტროლი, ასევე ელექტროენერგიის დიდი ოდენობით უკანონო მოხმარების მაქსიმალური გამოვლენა და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება.