მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამის ფარგლებში, 2026 წლის მარტის მდგომარეობით, საარსებო შემწეობის მიმღებია 670 ათასამდე პირი, მათ შორის, ბავშვის ბენეფიტით სარგებლობს ყოველთვიურად 233 880-მდე ბავშვი. ამის შესახებ სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ პრემიერ-მინისტრის მოხსენებაშია ნათქვამი, რომელიც პარლამენტს წარედგინა.
„2026 წლიდან აქტიურად დაიწყო სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახების გადამოწმების პროცესი, წინასწარ შემუშავებული კრიტერიუმების შესაბამისად, რომლის მიზანია, სახელმწიფოს რესურსები რეალურად ხმარდებოდეს მხოლოდ იმ ადამიანებს, ვისაც ეს ნამდვილად სჭირდება. მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამის ფარგლებში, 2026 წლის მარტის მდგომარეობით, საარსებო შემწეობის მიმღებია 670 ათასამდე პირი, მათ შორის, ბავშვის ბენეფიტით სარგებლობს ყოველთვიურად 233 880-ამდე ბავშვი“,- ნათქვამია დოკუმენტში.
გარდა ამისა, ანგარიშის მიხედვით, აქტიურად მიმდინარეობს ეკომიგრანტთა განსახლების ღონისძიებები. სახელმწიფოს მიერ 2025 წელს უზრუნველყოფილ იქნა 783 ეკომიგრანტი ოჯახი, ხოლო 2026 წელს – 451 ოჯახი.
ამასთან, პრემიერ-მინისტრის მოხსენების მიხედვით, აქტიურად ხორციელდება „საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების სახელმწიფო პროგრამა“.
„პროგრამის ფარგლებში, 2025 წელს მოხდა 600-ზე მეტი დაბრუნებული მიგრანტის მხარდაჭერა სხვადასხვა სარეინტეგრაციო სერვისით. 2026 წლის პირველ კვარტალში, პროგრამაში რეგისტრირებულია 500-ამდე დაბრუნებული მიგრანტი, საიდანაც უკვე დაფინანსდა 130-ამდე ბენეფიციარი. დაბრუნებულ მიგრანტთა რეინტეგრაციის პროგრამის პარალელურად, სახელმწიფო ახორციელებს „საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა ინტეგრაციის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამას“, რის ფარგლებშიც, ბენეფიციარები სარგებლობენ ცხრა სხვადასხვა ტიპის სერვისით“,- ნათქვამია დოკუმენტში.