სამწუხაროდ, ამ ქვეყანაში მხოლოდ ხელისუფლება კი არ არის კორუმპირებული, კორუმპირებულია ოპოზიციის დიდი ნაწილი, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ანა ბუჩუკურმა აშშ-ის საელჩოს განცხადების შეფასებისას განაცხადა.
მისი თქმით, „ქართული ოცნების“ დამსახურებით, საქართველოს მიმართ ინტერესი არის დაცემული.
„წარმოუდგენელი ამბავია, ოპოზიციური პოლიტიკური პარტია პარლამენტის მანდატებზეც უარს ამბობდეს, არჩევნებშიც არ მონაწილეობდეს. ასეთ შემთხვევაში, ეს პოლიტიკური პარტია კი არ არის, რაღაც გაურკვეველი კლუბური წარმონაქმნია, ეს წერია სწორედ ამ განცხადებაში. ეს იცით რისი შედეგია? სამწუხაროდ, ამ ქვეყანაში მხოლოდ ხელისუფლება კი არ არის კორუმპირებული, კორუმპირებულია ოპოზიციის დიდი ნაწილი. სამწუხაროდ, ფაქტია და ვხედავთ, რომ ჩვენს მეზობელთან, სომხეთთან ჩადის ისეთი უმაღლესი თანამდებობის პირი, როგორიც არის მარკო რუბიო, რომელიც ფაქტობრივად, არის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანუ ამერიკის სახელმწიფო მდივანი. ვხედავთ, რომ ბატონ ფაშინიანს ესაუბრება აშშ, მაგრამ ასევე ვხედავთ, როგორი შემცირებულია წარმომადგენლობის დონე, საშუალო მენეჯმენტის მოხელეები სტუმრობენ საქართველოს, მაშინ როცა, ყოველთვის პირიქით ხდებოდა, საქართველოში უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირები ჩამოდიოდნენ აშშ-დან, ეს ადასტურებს იმას, რომ „ქართული ოცნების“ დამსახურებით, საქართველოს მიმართ ინტერესი არის დაცემული.
რაც შეეხება სტაბილურობაზე საუბარს, ესეც არ იყო ამ განცხადებაში ახალი, რადგან ჩვენ ამ სტუმრებთან გვქონდა საუბარი იმაზე, რომ აშშ-თვის მნიშვნელოვანია სტაბილურობა, რადგან სამხრეთ კავკასიის კონტექსტი მათ შორის, პრეზიდენტ ტრამპისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. სტაბილურობა არ არსებობს კანონის უზენაესობის გარეშე. დღეს გვაქვს სასამართლო სისტემა, რომელიც აშშ-ს მიერ არის სანქცირებული კორუფციის გამო და ემსახურება ერთი კონკრეტული პირის ინტერესებს. კანონის უზენაესობის ნაწილია, რომ ადამიანს მხოლოდ და მხოლოდ განსხვავებული პოლიტიკური გემოვნების გამო ჩაგრავენ, ზოგი ციხეშია, ზოგი ნაცემია, 5 კაცია დასჯილი 500 კაცის ცემის გამო, არავის სჯერა, რომ რეალური მართლმსაჯულება დადგა“,-განაცხადა ბუჩუკურმა.
ცნობისთვის, გუშინ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ საქართველოში, 25-28 მაისს სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციის ვიზიტისას, საქართველოს მთავრობასა და ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ გაკეთებული განცხადებების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.
როგორც საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, დელეგაციის წევრებმა საქართველოს მთავრობასთან შეხვედრის შემდეგ აღნიშნეს, რომ დელეგაციამ საქართველოს მთავრობას მასთან კონსტრუქციულ, მომავალზე ორიენტირებულ ურთიერთობასთან დაკავშირებით ტრამპის ადმინისტრაციის მზადყოფნა გაუზიარა.
ინფორმაციის მიხედვით, შეერთებული შტატები ელის საქართველოს მთავრობასთან მუშაობას ისეთი პარტნიორობისთვის, რომელიც ორივე ქვეყანას ხელშესახებ სარგებელს მოუტანს და სრულად აამოქმედებს ორმხრივი ურთიერთობის პოტენციალს.
რაც შეეხება სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციის მიერ საქართველოს ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ გამოთქმულ მოსაზრებებს, მათი თქმით, პოლიტიკური სტაბილურობა და ოპოზიციის რეალური წარმომადგენლობა იმ ფაქტორებს შორისაა, რომელიც საქართველოს ამერიკული ინვესტიციებისთვის, უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობისა და გრძელვადიანი სტრატეგიული პარტნიორობისთვის სანდო პარტნიორად აქცევს.