რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის თანახმადაც 2028 წლის 1-ელ იანვრამდე რუსეთის ფედერაციაში ჩასულ უკრაინელებს რუსეთის მოქალაქეობის მიღების შესახებ განაცხადის შეტანისას ნასამართლობის შესახებ ცნობის წარდგენა აღარ მოეთხოვებათ.
„დადგინდეს, რომ 2028 წლის 1-ელი იანვრის ჩათვლით უკრაინის მოქალაქეები, აგრეთვე მოქალაქეობის არმქონე პირები, რომლებიც მუდმივად ცხოვრობდნენ უკრაინის ტერიტორიაზე და უკრაინიდან რუსეთის ფედერაციაში გაემგზავრნენ, მათ შორის მესამე სახელმწიფოების ტერიტორიების გავლით, მოქალაქეობის მიღების შესახებ განაცხადის წარდგენისას თავისუფლდებიან იმ დოკუმენტის წარმოდგენის ვალდებულებისგან, რომელიც მოქალაქეობის საკითხების განხილვის წესის შესახებ დებულების მე-18 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით არის გათვალისწინებული“, - ნათქვამია დოკუმენტში.
„დ“ ქვეპუნქტის თანახმად, რუსეთის მოქალაქეობის მაძიებელმა პირებმა უნდა წარმოადგინონ ცნობა ნასამართლობის არქონის შესახებ ან ინფორმაცია იმ დანაშაულების შესახებ, რომელთა ჩადენისთვისაც მათ მიმართ გამოტანილია გამამტყუნებელი განაჩენი.