ნიკა ჩერქეზიშვილი - ირაკლი კუპრაძესთან დებატებში პირწმინდად დამარცხდა კახა კალაძე - Palitra News

ნიკა ჩერქეზიშვილი - ირაკლი კუპრაძესთან დებატებში პირწმინდად დამარცხდა კახა კალაძე

2026-06-02 15:00:19+04:00

გუშინ ირაკლი კუპრაძესთან დებატებში პირწმინდად დამარცხდა თბილისის მერი, კახა კალაძე. დამარცხდა იმიტომ, რომ ვერ გასცა პასუხი უმთავრეს კითხვას, ვინ არის პასუხისმგებელი თბილისის მართვაზე, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველო - ლელოს“ თბილისის საკრებულოს დეპუტატმა ნიკა ჩერქეზიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, კახა კალაძე „შეუსრულებელ დაპირებებსა და კორუფციულ სკანდალებზე საუბარს გაურბის“.

„გუშინდელმა დებატებმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ როდესაც საუბარია კონკრეტულ ჩავარდნებზე, შეუსრულებელ დაპირებებსა და კორუფციულ სკანდალებზე, კახა კალაძე პასუხისმგებლობას გაურბის. დღეს თბილისელებს არ აინტერესებთ კალაძის თავის მართლების პროცედურები. თბილისელებს აინტერესებთ, ვინ არის პასუხისმგებელი იმაზე, რომ ქალაქი რკინა-ბეტონის ხაფანგად იქცა? გაცემულია თითქმის 50 000 სამშენებლო ნებართვა, ეს არის ჯამში, 41 მილიონი კვადრატული მეტრი. ვინ არის პასუხისმგებელი ბაგა-ბაღების სააგენტოში გამოვლენილ კორუფციულ სკანდალზე? ვინ არის პასუხისმგებელი სოციალურად დაუცველთა სასადილოებიდან მილიონების მოპარვის ფაქტზე? ვინ არის პასუხისმგებელი იმაზე, რომ ვარკეთილის მეტროს რეაბილიტაცია 10 წლის განმავლობაში ვერ დასრულდა? ვინ არის პასუხისმგებელი იმაზე, რომ რიგითი წვიმის დროს ავლაბრის მეტროსადგური დაიტბორა, რომლის რეაბილიტაციისთვისაც თბილისელების ბიუჯეტიდან 4 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა? ვისი პასუხისმგებლობაა, რომ მიუსაფარი ცხოველების პრობლემა კვლავ მოუგვარებელია? ვინ არის პასუხისმგებელი, რომ თბილისი ყოველდღიურად საცობებში იხრჩობა? ვინ არის პასუხისმგებელი იმაზე, რომ პარკირების ჯარიმები 5-ჯერ გაიზარდა და მიუხედავად კახა კალაძის დაპირებებისა, მანქანის გასაჩერებელი სივრცეები ვერა და ვერ მოეწყო? პირიქით, ყოველწლიურად მცირდება მათი რაოდენობა. ვინ არის პასუხისმგებელი ათობით დანგრეულ და აღარ აშენებულ სკოლაზე და ამ სკოლების მოსწავლეების ტრანსპორტირებისთვის ბიუჯეტიდან წლების განმავლობაში გაფლანგულ მილიონებზე? ვინ არის პასუხისმგებელი თბილისში ათი ათასზე მეტი ავარიული სახლის პრობლემაზე, რასაც სამწუხაროდ, ადამიანებიც შეეწირნენ? პასუხი ერთია - კახა კალაძე! თბილისის მართვა არ არის მხოლოდ ლენტების გაჭრა, საზეიმო ღონისძიებები და პიარ-კამპანიები. როცა არ არსებობს პოლიტიკური პასუხისმგებლობა, არ არსებობს ეფექტური მართვაც. შესაბამისად, დღეს გვაქვს ბევრად უარესი თბილისი, ვიდრე პასუხისმგებლობიანი და სახელმწიფოებრივი მმართველობის შემთხვევაში გვექნებოდა. როდესაც წლების განმავლობაში ვერ სრულდება ინფრასტრუქტურული პროექტები, როდესაც მოქალაქეები ყოველდღიურად საცობებში დგანან, როდესაც ათასობით ადამიანი ავარიულ სახლებში ცხოვრობს და როდესაც დაპირებები წლების შემდეგაც დაპირებებად რჩება, რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობა ეკისრება ქალაქის მერს, კახა კალაძეს!“ - განაცხადა ნიკა ჩერქეზიშვილმა.