აშკარად აჭრილია ბატონი ფიშერი - სამწუხაროა, დასანანია, თან საუბრობს ჩვენ მეგობარ ქვეყნებზე, ხალხზე და საბოლო ჯამში გამოდის რომ მათ უარყოფით კონტექსტში მოიხსენიებს,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც საქართველოში გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.
მისივე თქმით, ფიშერის განცხადებები ყოველ ჯერზე არასერიოზულია.
„აშკარად აჭრილია, ბატონი ფიშერი. სხვას ვერაფერს დავარქმევთ, იმდენად არასერიოზული არის ყოველ ჯერზე მისი ახალ-ახალი განცხადებები. ამ ყველაფრის სერიოზული შეფასება არასწორია. სამწუხაროა, დასანანია, თან საუბრობს ჩვენ მეგობარს ქვეყნებზე, ხალხზე და საბოლო ჯამში გამოდის რომ მათ უარყოფით კონტექსტში მოიხსენიებს, არანაირ სერიოზული შეფასებას არ იმსახურებს“,- განაცხადა პრემიერმა.
გარდა ამისა, მან უპასუხა კითხვას, როგორ შეაფასებს იმ ფაქტს, რომ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე საქართველოს პრეზიდენტად ჯერაც სალომე ზურაბიშვილი წერია, საგარეო საქმეთა მინისტრად კი ილია დარჩიაშვილი.
„გერმანული ხელისუფლების ეს ნაბიჯები არასერიოზულია, ისეთივე არასერიოზული, როგორიც არის გერმანიის ელჩი საქართველოში და მისი ქმედებები. საქმე ეხება გერმანიას, რომელიც ისტორიულად გამოირჩეოდა როგორც პრინციპებზე დაფუძნებული სახელმწიფო. ეს პრინციპები სადღაც გაქრა, რაც დასანანია და სამწუხაროა. ვებ გვერდზეც ვერ ახერხებენ ინფორმაციის განახლებას. ეს არასერიოზულია და არაფერს ვამბობ ბევრ სხვა ქმედებაზე.
ელჩისთვის შეხვედრის არ ჩანიშვნაც არის ამის მორიგი გამოხატულება“, - განაცხადა პრემიერმა.
ცნობისთვის, საქართველოში გერმანიის ელჩმა, პეტერ ფიშერმა „რადიო თავისუფლებასთან“ განაცხადა: „ზოგიერთმა ქართველმა იცის, რას ნიშნავს ევროკავშირში გაწევრიანება, სხვები ამბობენ, არ გამაჩნია უკეთესი ალტერნატივა, არ მსურს, ვიყო რუსი ან თურქი, ირანელი ან აზერბაიჯანელი, მხოლოდ სომხეთთან ერთად ყოფნა, შესაძლოა, არასაკმარისი იყოს“.