აშშ-ის წინა ადმინისტრაცია ყველაფერს აკეთებდა რომ ოპოზიციას არ ესარგებლა საკუთარი მანდატებით - მოხარული ვართ, რომ ახალი ადმინისტრაციის მიდგომა არის განსხვავებული, მათ შორის, მიდგომა ამგვარი საკითხების მიმართ არის განსხვავებული, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციის ვიზიტთან და მის პოზიციასთან დაკავშირებით განაცხადა, რომელიც ოპოზიციის მხრიდან მანდატების გამოყენების აუცილებლობას ეხებოდა.
კობახიძემ „ქართული ოცნების” წარმომადგენლებისა და დელეგაციის წევრების შეხვედრაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ხელისუფლების საჯაროდ დაფიქსირებული პოზიცია და სურვილია, ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობის სუფთა ფურცლიდან განახლება.
„თქვენ იცით, რომ წინა ადმინისტრაცია ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ ოპოზიციას არ ესარგებლა საკუთარი მანდატებით. ეს ხდებოდა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. 2024 წლის არჩევნებისთვისაც ასე შეამზადეს პროცესები და, საბოლოო ჯამში, ამან გამოიწვია ის, რომ ერთ შემთხვევაში დაგვჭირდა მთელი მოლაპარაკებები, დაგვჭირდა შეთანხმების ხელმოწერა და ამის შემდეგაც კი არ შემოდიოდა ოპოზიციის ნაწილი პარლამენტში და 2024 წელს ოთხიდან სამი ბარიერგადალახული პარტია არ შემოვიდა პარლამენტში.
ამას პირდაპირ უწყობდა ხელს წინა ადმინისტრაცია და მოხარული ვართ, რომ ახალი ადმინისტრაციის მიდგომა არის განსხვავებული.
ზოგადად, ყველა პარტიამ პატივი უნდა სცეს საკუთარი ამომრჩევლის არჩევანს, ამომრჩევლის მიერ მიკუთვნებულ მანდატს, რაც არ გააკეთა წინა შემთხვევებში ოპოზიციამ, რაც კიდევ ვიტყვი, რომ ეს იყო მაშინდელი ადმინისტრაციის ჩარევის შედეგი და ეს იყო ევროპული ბიუროკრატიის უშუალო ჩარევის შედეგი როგორც ერთ, ისე მეორე შემთხვევაში, როგორც 2020 წელს, ისე 2024 წელს. მოხარული ვართ, რომ ახალი ადმინისტრაციის მიდგომა არის განსხვავებული.
ზოგადად, ვიზიტის ფარგლებში ძალიან საინტერესო შეხვედრა გვქონდა. ჩვენი მიდგომა იცით, როგორიც არის. ჩვენ გვაქვს გაცხადებული პოზიცია იმის შესახებ, რომ მზად ვართ, სუფთა ფურცლიდან და კონკრეტული გზამკვლევით განვაახლოთ სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკის შეერთებული შტატებთან. ეს არის ჩვენი მხრიდან საჯაროდ გამოხატული სურვილი და ერთი მთავარი მიდგომა, რასაც ასევე ხაზს გავუსვამ, არის ის, რომ ეს ურთიერთობების განახლება-გადატვირთვა უნდა ეფუძნებოდეს სამართლიანობის პრინციპს.
ერთი მთავარი საკითხი, რაც ხელს უშლიდა ურთიერთობების გაჯანსაღებას ორ ქვეყანას შორის და პირიქით, აუარესებდა ამ ურთიერთობებს, იყო სწორედ უსამართლობა, წინა ადმინისტრაციის უსამართლობა. რაც გააფუჭა უსამართლობამ, ის შეიძლება გაასწოროს მხოლოდ სამართლიანმა მიდგომამ, ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებულმა ურთიერთობებმა. ეს არის ჩვენი მოწოდება ჩვენი ამერიკელი კოლეგების მიმართ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.