გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე სასამართლომ ბრალდებულებს 9 წლითა და 9 თვით და 5 წლითა და 3 თვით პატიმრობა მიუსაჯა - Palitra News

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე სასამართლომ ბრალდებულებს 9 წლითა და 9 თვით და 5 წლითა და 3 თვით პატიმრობა მიუსაჯა

2026-06-02 21:15:49+04:00

თბილისის საქალაქო სასამართლომ გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულებს სასჯელი განუსაზღვრა. დემეტრე ჩიქოვანს 9 წლითა და 9 თვით, ანი ნასყიდაშვილს კი 5 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

მოსამართლე დემეტრე ჯინჯოლიამ ორივე ბრალდებულის მიმართ მაქსიმალური სასჯელი გამოიყენა, თუმცა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის საფუძველზე სასჯელი მეოთხედით შემცირდა.

სასამართლოს შეფასებით, საქმეში წარმოდგენილი კომუნიკაციები განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს, რადგან ძალადობის მიმართ არასრულწლოვნების გულგრილ დამოკიდებულებას ასახავს და ადამიანზე, მათ შორის მასწავლებელზე თავდასხმას ჩვეულებრივ მოვლენად წარმოაჩენს.

განაჩენში ასევე აღნიშნულია, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით გიგა ავალიანის მხრიდან ისეთი ქმედება არ დასტურდება, რომელიც მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის ურთიერთობის ფარგლებს გასცდებოდა.

დაზარალებულის ოჯახმა გადაწყვეტილება დადებითად შეაფასა და განაცხადა, რომ სასამართლომ როგორც მათი შვილის ღირსება, ისე სამართლიანობის პრინციპი დაიცვა.