თბილისის მერი კახა კალაძე ოპოზიციის მწვავე კრიტიკის სამიზნედ რჩება. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები მის მერობას არაეფექტიანად აფასებენ და სხვადასხვა მიმართულებით პასუხისმგებლობის საკითხს აყენებენ.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ანტიკორუფციული მიმართულების მდივანი, ვასო ურუშაძე აცხადებს, რომ 2017 წლიდან დღემდე თბილისის ბიუჯეტიდან დაახლოებით 16 მილიარდი ლარი დაიხარჯა, რის გამოყენებასთან დაკავშირებით კითხვები არსებობს. მისი შეფასებით, საჭიროა ფართომასშტაბიანი გამოძიება და რესურსების განკარგვის დეტალური შესწავლა.
პარტია „ლელო - ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენლები კი თბილისის მერის პასუხისმგებლობაზე საუბრობენ შეუსრულებელი დაპირებების, ინფრასტრუქტურული პრობლემების, საცობებისა და ავარიული საცხოვრებელი სახლების კონტექსტში. მათი პოზიციით, დებატების დროს კახა კალაძე მწვავე საკითხებზე პასუხისმგებლობას არ იღებს.